სირიელი მეამბოხეების წვრთნა

პრემიერი: საქართველოს მონაწილეობა ანტიტერორისტულ კოალიციაში სიმბოლური იქნება

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა უარყო საქართველოში სირიელი მეამბოხეების გაწვრთნის გეგმის არსებობა და განაცხადა, რომ ქვეყნის მონაწილეობა საერთაშორისო ანტიტერორისტულ ოპერაციაში ჰუმანიტარული კომპონენტით შემოიფარგლება.

„არავითარი ტრენინგ-ცენტრის შექმნა ჩვენს ტერიტორიაზე არ იგეგმება. ეს არის მცდარი ინფორმაცია და მე მინდა, მოგიწოდოთ ჟურნალისტებს, მეტად პასუხისმგებლობით მოეკიდოთ აღნიშნული ინფორმაციის დისტრიბუცირებას", - განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ნიუ იორკში, სადაც გაერო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.

მისი თქმით, საქართველოს მონაწილეობა ამ კოალიციაში „იქნება სიმბოლურად წარმოდგენილი".

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ, უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო ოპერაციაში მხოლოდ ჰუმანიტარულ კონტრიბუციას განახორციელებს და არანაირ სამხედრო დახმარებაზე ან შეიარაღებული ძალების მონაწილეობაზე საუბარი არ იქნება.

ცნობა იმის შესახებ, რომ სირიელი მეამბოხეების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნის ინიციატივა აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს მისი თბილისში ვიზიტის დროს არაფორმალურ შეხვედრაზე შესთავაზეს, გამოცემა Foreign Policy-მ 23 სექტემბერს გაავრცელა. გამოცემის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ დაუდასტურა. თუმცა, მოგვიანებით გეგეშიძემ და საქართველოს ხელისუფლებამ ეს ცნობა უარყვეს.

ტაბულამ ინფორმაცია საქართველოს შეთავაზებაზე მეამბოხეების გაწვრთნის შესახებ, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. 

 

კომენტარები