საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ნარმანია: ავტობუსების პარკი მოძველებულია და განახლებას საჭიროებს

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, "ავტობუსების პარკი მოძველებულია და განახლებას საჭიროებს". ამის შესახებ ნარმანიამ დღეს სატრანსპორტო საშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს თქვა. მან აღნიშნა, რომ შემოყვანილი იყო მეორადი მოხმარების ავტობუსები და სწორედ ისინი საჭიროებენ განახლებას. 

"ჩვენ ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ და გადავწყვეტთ, როგორ გამოსწორდება აღნიშნული პრობლემა. ჯერჯერობით, კონკრეტულად არ გვაქვს გადაწყვეტილი, დაემატება ახალი ავტობუსები თუ როგორ მოხდება მისი მოდერნიზაცია. ეს სერიოზულ ინვესტიციას საჭიროებს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მან ასევე ისაუბრა მეტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ერთი დამატებითი მეტროსადგურის მშენებლობაზე ტენდერი უკვე დასრულებულია.

"ჩემი მინისტრობის დროს დავიწყეთ ერთი დამატებითი მეტროსადგურის მშენებლობა ვაჟა-ფშაველას ხაზზე, ახლა უკვე ტენდერი დასრულებულია და კომპანიის შერჩევა მიმდინარეობს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება დამატებითი მეტროსადგურის მშენებლობა", - განაცხადა თბილისის მერმა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე სასაუბროდ, 2 კვირის წინ შეხვდა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელს. 

"პროექტის განხორციელებას წინ არაფერი უდგას, ამას გარდა, მეტროსადგურებში გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა, მართვის სისტემები და ესკალატორები მოძველებულია და შეკეთებას საჭიროებს. ამისთვისაც სერიოზული ინვესტიციები დაგვჭირდება და ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ", - განაცხადა ნარმანიამ. 

კომენტარები