აბაშიძე-კარასინის ფორმატი

ზურაბ აბაშიძე: არსებობს მლეთა-კობის მიმართულებით გვირაბის მშენებლობის პროექტი

Zurab Abashidze
Tabula

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა. აბაშიძის განმარტებით, კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ლარსის მიმართულებით გვირაბის მშენებლობაზეა საუბარი. 

"საწყის ეტაპზე არის პროექტი გვირაბის მშენებლობისა მლეთა-კობის მიმართულებით. იდეაში, უნდა გაკეთდეს გვირაბი, რომელიც გააჩენს საშუალებას, რომ საზღვრისაკენ ეს მიმართულება მოწესრიგდეს. ზამთარში ხშირად იკეტება ხოლმე ეს მიმართულება. ეს არა მხოლოდ საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი, არამედ სომხეთ-რუსეთის ეკონომიკური საზღვარი და ასევე თურქეთ-რუსეთის ეკონომიკური საზღვარია. ამიტომ ლარსი და ეს მიმართულება ყველას ძალიან აინტერესებს. ეს ძვირადღირებული საერთაშორისო კომერციული პროექტია. ამაში შეუძლიათ მონაწილეობა რუსულ, სომხურ, თურქულ კომპანიებს, რომლებიც კომერციულად არიან დაინტერესებულნი. ბატონ კარასინთან მომავალ შეხვედრაზე გვექნება საუბარი და როცა გამოიკვეთება რაიმე კონკრეტულად, შემდეგ შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ ამაზე მუშაობას“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში კარასინმა საქართველოსთან კონკრეტული ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების ამუშავების თაობაზე ისაუბრა. 

"ეს პროექტები არ მომკვდარა, ცოცხალია, ჩატარებულია გარკვეული ინჟინრული ექსპერტიზა. ამის განსახორციელებლად რა თქმა უნდა, საჭიროა ინვესტიციები, როგორც რუსული, ასევე ქართული. ჩვენ დაინტერესებული ვართ დავხვეწოთ საგზაო სისტემა. ამით ასევე დაინტერესებულია სომხეთიც, რომლისთვისაც ერთადერთი დამაკავშირებელი სახმელეთო გზა 
ტვირთვისთვის არის ზემო ლარსი. ამიტომ, თუ ჩვენ შევქმნით ახალ, ალტერნატიულ გზას, ამით მოიგებს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები", - განაცხადა კარასინმა.

 

კომენტარები