მსაჯების საქმე

დაკავებულ მსაჯებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

ShutterStock

კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დაკავებულ მსაჯებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღო.

პატიმრობის შეფარდებას ბრალდების მხარე მოითხოვდა, პროკურორის განცხადებით, არსებობდა ბრალდებულების მიმალვისა და მათი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. აღნიშნულ შუამდგომლოობას დაცვის მხარე აპროტესტებდა.

ბრალდებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კომიტეტის ეროვნული კატეგორიის არბიტრები – 1977 წელს დაბადებული ოთარ ხ, 1979 წელს დაბადებული ირაკლი უ, 1972 წელს დაბადებული მამუკა უ, 1975 წელს დაბადებული თეიმურაზ ხ, ასევე, პირველი კატეგორიის არბიტრები – 1975 წელს დაბადებული ალექსანდრე გ, 1984 წელს დაბადებული ზვიად ა, ეროვნული კატეგორიის ასისტენტი – 1974 წელს დაბადებული ონისე მ. და „ფიფა"-ს არბიტრი, 1986 წელს დაბადებული თორნიკე გ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები 2500-დან 5000 აშშ დოლარამდე თანხის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ მოქალაქეებს მათი მსაჯობით ჩასატარებელ თამაშებში ფეხბურთელთა დასაჯარიმებელი ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე, რასაც ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ. ამ სქემით ბრალდებულები მოქალაქეებს საშუალებას აძლევდნენ, წინასწარ შეპირებული ჯარიმების რაოდენობის მიხედვით გაკეთებული ფსონით მოგება მიეღოთ.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). შსს-ს ინფორმაციით, ანალოგიური სქემით მოქმედებენ სხვა მსაჯებიც, რომელთა მიმართ გამოძიება გრძელდება. გამოძიებას აწარმოებს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო.

კომენტარები