გაეროს გენერალური ასამბლეა

პრემიერი: რუსეთი უნდა ჩაერთოს ჩვენი ოცნების - მშვიდობის ხორცშესხმაში

kvira.ge

გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაზე ისაუბრა. მისივე განმარტებით, რუსული აგრესიის შედეგად საქართველოში ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირია. ახალი კერები კი არ მცირდება განსაკუთრებით უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების გამო.

"ყოველ წელს საერთაშორისო საზოგადოება სულ უფრო მეტად უჭერს შინ დაბრუნების უფლებას მხარს, რაც გამოიხატება გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მიღებით "აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/ე.წ.სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გენერალურმა ასამბლეამ თავის დღის წესრიგში დატოვოს ეს ჰუმანიტარული საკითხი და კვლავაც მტკიცედ და დამაჯერებლად დაუჭიროს მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებს" - განაცხადა პრემიერმა. 

პრემიერი თავის გამოსვლაში სოხუმის დაცემის 21 წლისთავსაც გამოეხმაურა. 


"ნება მომეცით, მივმართო ჩვენს დებსა და ძმებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ძვირფასო დებო და ძმებო, ვოცნებობ იმ დღეზე, როცა ყველანი ერთად ვიცხოვრებთ და ჩვენ შორის მშვიდობა და კეთილდღეობა დაისადგურებს. ჩვენ განუხრელად მივყვებით შერიგებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული აღდგენის გზას. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და გამოვნახოთ გზები, რათა თქვენც გახდეთ ამ წარმატების თანაზიარი, მათ შორის იმ სარგებლის, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება მოიტანს. ამასთან, მოვუწოდებ რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შემოგვიერთდეს ჩვენი ოცნების - მშვიდობის, კეთილდღეობისა და შერიგების - ხორცშესხმაში" - აღნიშნა პრემიერმა. 

კომენტარები