სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება

სტუდენტურ ნაშრომთა ერთიანი ელექტრონული ბაზა შეიქმნა

სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებამ სტუდენტურ ნაშრომთა ერთიანი ელექტრონული ბაზა - www.scs.ge შექმნა. საიტზე საკუთარი ნაშრომებისა და კვლევების ატვირთვა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს რეგისტრაციის გარეშე უკვე შეუძლიათ.

სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლის ოლეგ თორთლაძის თქმით, ბაზაზე ატვირთული ნამუშევრებიდან საუკეთესოებს სპეციალური კომისია გამოავლენს, რომლებიც სამ თვეში ერხელ სპეციალურ ჟურნალში დაიბეჭდება. დაგეგმილია სტუდენტური გადაცემა "სამართლის დროს“ მომზადება, სტუდენტთა დახმარების ცენტრისა და სასკოლო მოდულების შექმნაც.

"დახმარების ცენტრი გულისხმობს სტუდენტების მენტორების როლში წარმოჩენას, წარმატებული აკადემიური მოსწრების სტუდენტები დაეხმარებიან დაბალი კურსის სტუდენტებს საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევაში, სასკოლო მოდულებით კი ჩვენ ვავითარებთ სტუდენტსა და სკოლის მოსწავლეს შორის უფრო აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობის ინსტიტუტს“ - განმარტა ოლეგ თორთლაძემ.

www.scs.ge ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტბში არსებული კონცეფციების საფუძველზე შეიქმნა. სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება კი კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბაზაზე 2010 წელს დაფუძნდა.

კომენტარები