პრემიერმინისტრი

ღარიბაშვილი აშშ-ში ვიზიტს ნაყოფიერს და სასარგებლოს უწოდებს

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში საკუთარ ვიზიტს ძალიან ნაყოფიერი, სასარგებლო და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი უწოდა.

პრემიერმინისტრის Facebook-ის ოფიციალური გვერდზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის მთავარი აქცენტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა იყო .

„გამოსვლისას შევეხე აბსოლუტურად ყველა საკითხს - შიდა პოლიტიკურ სიტუაციას, ეკონომიკურ მდგომარეობას, იმ განვითარებასა და რეფორმებს, რომელსაც მივაღწიეთ მოკლე დროში, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებას. მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან სასარგებლო ვიზიტი. ბევრი ორმხრივი შეხვედრა გაიმართა და მოლაპარაკებები გვქონდა ძალიან მნიშვნელოვან თემებზე“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე კმაყოფილება გამოთქვა, რომ იძუებთ გადაადგილებულ პირთა შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას მხარი დაუჭირა საუდის არაბეთმაც და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით საგარეო საქმეთა სამინისტროს საკმაოდ დიდი წინსვლა აქვს.

პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის პროექტით მსხვილი ამერიკული კომპანია AECOM-ი დაინტერესდა.

„ანაკლიის პორტი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია. გუშინდელ გამოსვლაში შემთხვევით არ დავუთმე საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ახალი აბრეშუმის გზის განვითარებას. ანაკლიის პორტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მიმაჩნია, რომ ის იქნება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები