ძალადობა სკოლა-ბაღ სადუნში

ექსპერტი: ბავშვს დაზიანებები ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით მიაყენეს

აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე 4 წლის გაბრიელს დაზიანებები მკვრივი, ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით აქვს მიყენებული. ამის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც ინტერპრესნიუსის ცნობით, ჟურნალისტებს დღეს ბავშვის მამამ, ავთანდილ ნ-მ გააცნო. 

"მცირეწლოვან გაბრიელ ნ-ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები მარჯვენა საფეთქლის ორი სისხლნაჟღენთი და მარცხენა ლოყის და ზემო ტუჩის თითო ნაჭდევის სახით. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე", - ნათქვამია ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის დასკვნაში. 

როგორც ბავშვის მამა აცხადებს, ექსპერტმა საუბრისას მას უთხრა, რომ ეს დაზიანებები ფონენდოსკოპით არ შეიძლება იყოს მიყენებული. 

"მე ვესაუბრე ექსპერტს. დაზიანება ბლაგვი საგნით არის მიყენებული. გუშინ ითქვა, რომ ფონენდოსკოპით მიაყენეს დაზიანებები, თუმცა ექსპერტმა მითხრა, რომ საფეთქლის არეში მიყენებული დაზიანება ფონენდოსკოპით არ შეიძლება იყოს მიყენებული", - განაცხადა ავთანდილ ნ-მ. 

აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე 4 წლის ბავშვს ბაღში 26 სექტემბერს სცემეს. მშობლის თამუნა იარაჯულის ცნობით, ბავშვს ზედა ტუჩი აქვს დაზიანებული. მისივე განმარტებით, მან სამართალდამცავებსაც მიმართა, თუმცა განუცხადეს, რომ ბაღი კერძო დაწესებულებაა და აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება მათ არ ეკუთვნოდათ. აღნიშნული ფაქტი დიდუბეში, ბაქრაძის ქუჩაზე მდებარე სკოლა-ბაღ სადუნში მოხდა. სკოლის დირექტორმა კი მომხდარი აღმზრდელის ოჯახური პრობლემებითა და ნერვული აშლილობით ახსნა.

მომხდარს გუშინ გამოხმაურა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნატა ასათიანის განცხადებით, განათლების სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს განათლების სისტემაში ინკლუზიური პრინციპების გაძლიერებაზე. 

"რაც შეეხება პატარა გაბრიელის შემთხვევას, ცხადია, რომ საუბარია ძალიან მძიმე და შემაშფოთებელ ფაქტზე. პირველ ეტაპზე აუცილებელია გამოძიების დასრულება და ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნება. კონკრეტულ გარემოებებზე საუბარი მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი. მოგეხსენებათ, შემთხვევა მოხდა კერძო სკოლის ბაღში - თუმცა, ცხადია, უფლებამოსილებაზე და კომპეტენციის სფეროებზე საუბარი აქ უადგილოა, რადგან საქმე ეხება ბავშვის უფლებების დაცვას, რის სადარაჯოზეც განათლების სამინისტრო ყოველთვის განუხრელად იდგება", - აცხადებს ნატა ასათიანი.

კომენტარები