აღმოსავლეთ პარტნიორობა

საქართველომ წელს CORLEAP-ს პირველად უმასპინძლა

www.eureporter.co

თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონფერენციის (CORLEAP) მეოთხე ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დასახული ამოცანების შესრულების გზებზე ისაუბრეს. 

„მნიშვნელოვანია, რომ წელს სწორედ საქართველოში ტარდება ეს კონფერენცია, სადაც გვექნება შესაძლებლობა, გავიცნოთ სხვა ქვეყნის გამოცდილება და, რაც მთავარია, ვიმსჯელოთ იმ მიდგომებსა და სიახლეებზე, რომელიც არსებობს ევროკავშირის ქვეყნებში მუნიციპალურ ხელისუფლებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა.

რეგიონული და ადგილობრივი თვითმმარველობის განვითარებისთვის ამ კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.

„რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ძალიან სერიოზულ ყურადღებას უთმობს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ამ მხრივ განვითარებას და მათთან თანამშრომლობას. განსაკუთრებით ჩვენთან გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების, ასევე ახალი კანონმდებლობის მიღების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა და მათი გამოცდილების გაზიარება“, - თქვა პეტრიაშვილმა.

დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუაბრა რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარემ და CORLEAP-ის თანათავმჯდომარემ მიშელ ლებრუნმა.

„დეცენტრალიზაციის საკითხი მეტად მნიშვნელოვანია სწორედ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, რადგან ეს არის პუნქტი, რომელიც უნდა განხორციელდეს ეფექტურად. ჩვენ გადავწყვიტეთ, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრმა ქვეყნებმა ერთად შეიმუშავონ ის საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციის პროცესების ეფექტურად განხორციელებისთვის“,- აღნიშნა მიშელ ლებრუნმა.

დღესვე აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი თანათავმჯდომარე დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მამუკა აბულაძე ემინ იერიციანმა შეცვალა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონფერენციას საქართველო წელს პირველად მასპინძლობს. მომდევნო შეხვედრას კი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მეთაურები 2015 წლის მაისში რიგაში გამართავენ. კონფერენცია 2010 წლიდან ტარდება. იგი 36 ქვეყნის რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებებს აერთიანებს, როგორც ევროკავშირიდან, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან.

კომენტარები