ანტიტერორისტული კოალიცია

ობამა: სათანადოდ ვერ შევაფასეთ ის, რაც სირიაში ხდება

washingtonpost

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტელეკომპანია CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში  აღიარა, რომ ისლამური სახელმწიფოს მხრიდან საფრთხე არასათანადოდ შეაფასა. მისი თქმით, ისლამისტმა ტერორისტებმა სირიაში არეულობით ისარგებლეს და გაძლიერდნენ.  ობამა მიიჩნევს, რომ პრობლემის გადაწყვეტა სამხედრო ჩარევის გარეშე შეუძლებელია, თუმცა კონფლიქტის მოგვარების პროცესი პოლიტიკურ გადაწყვეტილებასაც გულისხმობს. 

"ჩვენი დაზვერვის ხელმძღვანელმა, ჯიმ კლეპნერმაც აღიარა, რომ ჩვენ სათანადოდ ვერ შევაფასეთ ის, რაც სირიაში ხდება.  ერაყში ალ-ყაიდა მოქმედებდა, ჩვენ ის დავამარცხეთ სუნიტური ტომების დახმარებით და ის იატაკქვეშეთში გადავიდა. მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში სირიაში, სადაც დიდ ტერიტორიაზე არანაირი ძალაუფლება არ იყო, მათ საკუთარი ძალები აღადგინეს და უცხოეთიდან მოხალისეები მოიზიდეს, მათ შორის - ევროპიდან, შეერთებული შტატებიდან, ავსტრალიიდან და ისლამური ქვეყნებიდან", - განაცხადა ობამამ.

ბოლო ორი დღის განმავლობაში კოალიციამ შეერთებული შტატების მეთაურობთ იერიშები ტერორისტების ხელში არსებულ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე და სამეთაურო ცენტრებზე განახორციელა. ამერიკული სარდლობის განცხადებით, იერიშები წარმატებული იყო. ტერორისტების ობიექტების განადგურება თვითმხილველებმა თურქეთის ტერიტორიიდანაც დააფიქსირეს. ასევე დადასტურდა, რომ რამდენიმე დღის წინ ავიადარტყმის შედეგად ხორასანის დაჯგუფების ლიდერი მუჰსინ ალ ფადჰლი დაიღუპა.

კომენტარები