ეროსი კიწმარიშვილის საქმე

ეროსი კიწმარიშვილის ძმა დაზარალებულად ცნობას ითხოვს

ზურაბ კიწმარიშვილმა პროკურატურას ძმის, ეროსი კიწმარიშვილის საქმეში დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით მიმართა. კიწმარიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში საშუალება მიეცემა, სრულად გაეცნოს საქმის დეტალებსა და გამოძიების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას.

"დღეს გავაკეთეთ მიმართვა და სამ დღეში იქნება პასუხი. ამ პერიოდში ლოგიკურად მცნობენ დაზარალებულად და მომეცემა საშუალება, რომ მოვითხოვო გამოძიების დეტალები. დაზარალებულად ცნობის შემდეგ, მიმდინარე კვირის ბოლოს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა პროკურატურაში სავარაუდოდ შედგება", - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა და აღნიშნა, რომ აქამდე ოჯახი გამოძიებისგან მხოლოდ მწირ ინფორმაციას იღებდა. 

კანონის მიხედვით, პროკურორს უფლება აქვს, ზურაბ კიწმარიშვილს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრას, ან დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საქმის მასალები არ მიაწოდოს. პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს გადწყვეტილება სამი დღის ვადაში უნდა აცნობოს.

ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები