საქართველოს პრეზიდენტი

მარგველაშვილი: საქართველოს მიზანი ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობაა

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს ევროპულ არჩევანზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირთან დაახლოებით, ქვეყანა გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ეკონომიკას გახდის სტაბილურს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველოს მიზანი ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობაა.

"ეს პროცესი ხუთი წლის წინ, აღმოსავლური პარტნიორობის ფარგლებში დაიწყო, რომელშიც ექვსი ქვეყანა მონაწილეობდა. სამმა მათგანმა ასოცირების ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა. ეს სამი ქვეყანა საქართველო, უკრაინა და მოლდოვაა. კარგად ვიცით, რა დრამატული მოვლენებიც განვითარდა უკრაინაში. დადებითი მხარე ან ტრაგედია არის ის, რომ ჩვენ უკვე გამოვცადეთ ეს ყველაფერი ექვსი წლის წინ. 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოხდა. ევროპელი და დასავლელი პარტნიორების აქტიური ჩართულობის შედეგია, რომ ოკუპაცია შეჩერდა. მაგრამ ჩვენ ტერიტორიები კვლავ ოკუპირებული დარჩა. საქართველოს ოკუპაციის საკითხი რომ უფრო აქტიურად წამოწეულიყო საერთაშორისო ფორუმებზე, უკრაინაში მსგავსი მოვლენები ასე ადვილად არ განვითარდებოდა. საქართველომ თავისი არჩევანის საფასური 2008 წლის აგვისტოში უკვე გადაიხადა, ახლა კი იგივე ვიხილეთ ყირიმსა და უკრაინის სხვა ნაწილებში", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსთვის ისტორიული შეთანხმებაა.

"ეს არის ნაბიჯი, დავუახლოვდეთ ევროკავშირს. ევროკავშირთან დაახლოებით ჩვენ მივიღებთ შესაძლებლობას, გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები. ეკონომიკა გავხადოთ უფრო სტაბილური. ევროკავშირიც იღებს იმას, რომ უკავშირდება ქვეყანას, რომელიც არის კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის და გზას უხსნის ევროპასაც კასპიის ზღვის რეგიონისკენ, აზიის ერთ-ერთ უდიდეს ბაზარზე, უქმნის შესაძლებლობას ინფრასტრუქტურის განვითარებითაც - გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირებისათვის, ასევე გასათვალისწინებელია რკინიგზის თემაც ჩვენს აზიელ პარტნიორებთან უფრო ეფექტური თანამშრომლობისათვის. ასე რომ, კავკასიის რეგიონი კიდევ უფრო ინტეგრირდება ევროკავშირთან. საქართველო არა მხოლოდ დაინტერესებულია, არამედ ყველაფერს აკეთებს ამ პროცესის დაჩქარებისა და განვითარებისათვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები