სამომხმარებლო ბაზარი

სექტემბერში მომსახურების სააგენტომ 60 000 ახალი სანომრე ნიშანი გასცა

Police.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ახალი სანომრე ნიშნების შემოღებიდან პირველი ერთი თვის განმავლობაში სულ დაახლოებით 60 ათასი ახალი ნომერია გაცემული.

ახალი ნომრების დაახლოებით 50-55% ფასიანია. ფასიანი ნომრების ძირითადი ნაწილი 250-350 ლარის შუალედში მერყეობს, თუმცა ზოგიერთი ავტომფლობელი განსაკუთრებით ძვირადღირებულ სანომრე ნიშნებსაც იღებს. გასულ ერთ თვეში ორი ერთეული 10 000-ლარიანი ნიშანი არის გაცემული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ახალი ნომრების შემოღებიდან ერთი თვის შემდეგ ახალი ნომრების მსურველების რიგები უკვე აღარ დგას, რადგანაც ახალი ნომრების შემოსვლიდან პირველივე დღეებში ფასიანი ნომრების გადაცვლის მსურველებმა მათთვის სასურველი ნომრების არჩევის მიზნით რეგისტრაცია მალევე გაიარეს.

ახალი სანომრე ნიშნები ლათინური ასოების ორი წყვილისა და სამი ციფრისგან შედგება, რაც უფრო მეტი ნომრის კომბინაციის საშუალებას იძლევა. შესაბამისად, უფრო მეტ ავტომფლობელს შეეძლება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიოს ფასიანი ნომერი.

მომსახურების სააგენტომ სპეციალური მომსახურება - ახალი სანომრე ნიშნის დაჯავშნის სერვისიც შემოიღო. ავტომფლობელებს სასურველი სანომრე ნიშნების დაჯავშნა შეუძლიათ, რისთვისაც ერთ დაკავებულ დღეში 1,5 ლარს იხდიან. დაჯავშნის სერვისით სარგებლობის ვადა მაქსიმუმ 2 თვეს შეადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით ერთ მილიონამდე ავტომობილია რეგისტრირებული, რომლებიც 2020 წლამდე ახალ ნომრებზე უნდა გადავიდნენ. მომსახურების სააგენტოში უჭირთ წინასწარი შეფასების გაკეთება, თუ რა თანხის მობილიზება მოხდება ახალი ნომრების შემოღებით. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის ავტომობილები შემოვა საქართველოში მომდევნო 6 წლის განმავლობაში და ასევე იმაზე, თუ რა წილი ექნება ფასიან ნომრებს ახალ ნომრებში - თუმცა, სააგენტოს წინასწარი შეფასებით, ეს რიცხვი რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზე მეტი იქნება.

კომენტარები