ინტერვიუ დეიმონ უილსონთან

უილსონი: საქართველომ იმდენი გააკეთა, NATO-ს წევრობაზე უნდა ვსაუბრობდეთ

"საქართველომ იმდენი გააკეთა ალიანსთან ერთად რეფორმების, მოდერნიზაციის და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის კუთხით, რომ ჩვენ წევრობაზე უნდა ვსაუბრობდეთ და არა რაღაც პაკეტებზე", - ამბობს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი დეიმონ უილსონი უელსის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგთან დაკავშირებით ტაბულასთან საუბარში.

"ერთის მხრივ, საქართველომ მეტი მიიღო, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პარტნიორმა. საქართველომ კიდევ უფრო გააძლიერა, უკვე ისედაც ძალიან მჭიდრო და ძლიერი კავშირი NATO-სთან და ამას ბიძგი სამიტმა მისცა. ქვეყანაში იქნება საწვრთნელი ცენტრი, ჩატარდება მეტი წრთვნა საქართველოს ტერიტორიაზე, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება. მაგრამ მთელი ამ პაკეტის მიუხედავად, საქართველომ ვერ მიიღო ის რაც უნდა მიეღო - წევრობის სამოქმედო გეგმა, თუ წევრობა არა.

ეს პაკეტი ამის ალტერნატივა იყო. როგორც ალტერნატივა, ცუდი არ არის, მაგრამ საქართველომ იმდენი გააკეთა ალიანსთან ერთად რეფორმების, მოდერნიზაციის და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის კუთხით, რომ ჩვენ წევრობაზე უნდა ვსაუბრობდეთ და არა რაღაც პაკეტებზე", - აღნიშნავს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი.

კომენტარები