ჰონკონგში დემონსტრანტები ქალაქის ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ

AFP

ჰონკონგში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. დემონსტრანტები, რომლებმაც მთელი ღამე ქუჩაში გაატარეს, ისევ ქალაქის ცენტრში რჩებიან. აქტივისტებმა ქალაქის მერის გადადგომა მოითხოვეს. თავის მხრივ, ქალაქის ხელისუფლებამ დემონსტრანტებს ქუჩების გათავისუფლება მოსთხოვა. საპროტესტო მოძრაობა Occupy Central-ის აქტივისტები ჩინეთის ხელისუფლებისგან მოითხოვენ, ქალაქის თვითმმართველობის შეზღუდვის გეგმებზე ხელი აიღოს.

ბრიტანული კოლონია ჰონკონგი ჩინეთის იურისდიქციის ქვეშ 1997 წელს გადავიდა. 2017 წელს იწურება გადამავალი პერიოდი, რომლის შემდეგ ქალაქის მმართველობა საყოველთაო არჩევნების წესით უნდა აირჩეს. მაგრამ ჩინეთის ხელისუფლება გეგმავს, ჰონკონგის მოსახლეობას არჩევნებზე მის მიერ შერჩეული კანდიდატები შესთავაზოს, რაც ქალაქის მცხოვრებთა დიდი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

დემონსტრანტები შიშობენ, რომ 1-ლ ოქტომბრამდე, როდესაც ჩინეთის ეროვნული დღესასწაული აღინიშნება, ხელისუფლებამ შესაძლოა მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს. 

გასულ ღამეს პოლიციას დემონსტრანტების დაშლა აღარ უცდია. წინა დღეებში შეტაკებების შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 56 შეადგინა. 90-მდე ადამიანი დაკავებულია. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთს ჰონკონგის მოსახლეობის შეკრების თავისუფლებისა და არჩევანის უფლების პატივისცემისკენ მოუწოდა.

კომენტარები