სითი პარკი

მერიას სითი პარკთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების მოლოდინი აქვს

facebook.com/alexandermargishvili

თბილისის ვიცე-მერის ალექსანდრე მარგიშვილის თქმით, უწყება თბილისის მერიის ყოფილი ხელმძღვანელობის მიერ შპს სითი პარკთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით მუშაობის გაგრძელებას არ ეთანხმება და მასში სერიოზული ცვლილებების მოლოდინი აქვს.

„თავისთავად, შემოწმების შედეგად ხელშეკრულება ვერ გაუქმდება. ასე ვთქვათ, ანალიზი და აუდიტი გვაჩვენებს რამდენად მიზანშეწონილი იქნება ამ პირობების შენარჩუნება, რომელიც დღეს არის,“- თქვა მარგიშვილმა.

როგორც თბილისის ვიცე-მერმა აღნიშნა, დღეს საქართველოს მთავრობიდან მხარდაჭერა გამოუცხადა და შეზღუდულ ვადებში მიიღებენ კომპეტენტურ დასკვნას, რომელზეც კონტრაქტორი ვერ იტყვის, რომ ეს არის ცალსახად მერიის დღევანდელი ხელმძღვანელობის პოზიცია. არამედ მისი თქმით, ეს იქნება ობიექტური, გარედან დანახული და აღწერილი რეალობა.

„ველოდებით პასუხებს ისეთ კითხვებზე, როგორიც არის რამდენად კანონიერად და თბილისელების ინტერესების დაცვით მოხდა თავის დროზე ხელშეკრულების გაფორმება სითი პარკთან, რამდენად სამართლიანი იყო ის, რომ თბილისელებისთვის არ უკითხავთ ისე გააორმაგეს პარკინგის საფასური 25 ლარიდან 50 ლარამდე და ბევრი ის ცვლილება, რომელიც დაგვხვდა ამ წლების განმავლობაში განხორციელებული,“ - ამბობს ალექსანდრე მარგიშვილი.

სითი პარკის ხელმძღვანელებისა და დედაქალაქის მთავრობისა და საკრებულოს წევრების შეხვედრა თბილისის მერიაში 22 აგვისტოს გაიმართა. მას თბილისის ახალი მერი დავით ნარმანია უძღვებოდა, რომელმაც კომპანიის მიმართ კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა. უწყების შეფასებით, მერიასა და სითი პარკს შორის დადებული ხელშეკრულება მთლიანად კომპანიის კომერციულ ინტერესებსაა მორგებული. თბილისის მერიამ სითი პარკთან დადებული ხელშეკრულებაც გაასაჯაროვა. ალექსანდრე მარგიშვილის განცხადებით, დოკუმენტს გრიფი საიდუმლო არ ჰქონდა მინიჭებული. თუმცა, მერიის ყოფილი ხელმძღვანელობა და კომპანია ცდილობდნენ, საჯარო არ გამხდარიყო.

კომენტარები