ზურაბ ჟვანიას საქმე

ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ვანო მერაბიშვილს დაკითხავენ

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ყოფილი პრემიერმინისტრი, ვანო მერაბიშვილი დაიკითხება. დაცვის მხარის ეს შუამდგომლობა ჟვანიას დაცვის უფროსის, კობა ხარშილაძისა და დაცვის ცვლის ყოფილი უფროსის, მიხეილ ძაძამიას წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა. დაცვის მხარის მოთხოვნით, საქმის არსებითი განხილვისას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თემურ ჯანაშია და ყოფილი გენერალური პროკურორი მურთაზ პატარიძე, ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრებიც დაიკითხებიან.

დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების ნუსხაც წარმოადგინეს. ხარშილაძისა და ძაძამიას ადვოკატები საქმის მასალებში FBI-ის დასკვნის ჩართვას ითხოვენ და ბრალდების მტკიცებულებათა სიაში ჰაკიმ ფაშას სახელით გავრცელებული ვიდეოს არსებობას აპროტესტებენ. მასალა ჰაკიმ ფაშას სახელით 19 მარტს Youtube-თი გავრცელდა და მასზე ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად დაღუპული რაულ იუსუპოვის ცხედრების ფოტოებია წარმოდგენილი. მოსამართლემ დაცვის მხარის პროტესტი არ გაითვალისწინა, რადგან, მისი განმარტებით, მტკიცებულება კანონის დაცვით არის მოპოვებული და არ არსებობს გარემოება, რის გამოც მასალა საქმეზე არ უნდა დაიშვას.

რევაზ ნადოიმ დღესვე თქვა ისიც, რომ hakim pasha-ს მიერ გავრცელებული ვიდეომასალა თურქეთიდან აიტვირთა. პროკურორი ამბობს, რომ უწყებამ ეს ინფორმაცია Youtube-ის სათავო ოფისიდან მიიღო.

hakim pasha-ს ვიდეოს გავრცელების მეორე დღეს პროკურატურამ ლევან ჩაჩუა დააკავა. ექსპერტს, რომელმაც ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის ცხედრები გაკვეთა, ბრალად გულგრილობა და სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება დასდეს. საგამოძებო უწყების განცხადებაში მითითებული იყო, რომ ჩაჩუამ სრულყოფილად არ აღწერა ცხედრებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც მათ სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები აშკარად აღენიშნებოდა. ლევან ჩაჩუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული და მის საქმეს სასამართლო ხარშილაძისა და ძაძამიას საქმისგან დამოუკიდებლად განიხილავს. 

კომენტარები