სტიქია დასავლეთ საქართველოში

პრემიერი: სტიქიით დაზარალებულებისთვის წელს 40 მილიონი ლარია განსაზღვრული

Irakli Garibashvili official/Facebook.com

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის წელს 40 მილიონი ლარია განსაზღვრული. ამასთან, ღარიბაშვილმა სოფელ შემოქმედის მოსახლეობას უთხრა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით დღეს მთავრობის სხდომაზე 6 მილიონი ლარი გამოიყო. 

„ჩემი თვალით ვნახე, რაც ხდება აჭარასა და გურიის რეგიონში. ყველა სამსახური არის მობილიზებული, არცერთი ოჯახი არ დარჩენილა ყურადღების გარეშე. მე თავად გავეცანი სტიქიის შედეგად არსებულ მდგომარეობას. ზარალი დაითვლება და მოხდება მოსახლეობის კომპენსირება. დღეს მთავრობის სხდომაზე ჩვენ გამოვყავით 6 მილიონი ლარი ოზურგეთის რაიონისთვის“, - თქვა პრემიერმინისტრმა.

დღესვე, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ბათუმში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა ინფორმაცია სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში მიმდინარე ანტიკრიზისული ღონისძიებების შესახებ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძისგან მიიღო.

„მაშინ, როდესაც კრიზისების მართვის საბჭოს ვქმნიდი, სკეპტიკოსები ამბობდნენ, რომ ჩემთვის ვქმნიდი. ახლა გამოჩნდა, რისთვის არის საჭირო ეს საბჭო”, - განაცხადა პრემიერმინისტრმა საგანგებო შტაბის სხდომაზე.

გუშინ ძლიერმა წვიმამ და უხვმა ნალექმა ოზურგეთი განმეორებით დატბორა. რამდენიმე საათის განმავლობაში მთლიანად პარალიზებული იყო ქალაქის დიდი ნაწილი. დაიტბორა მაღაზიები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ოზურგეთის სოფელ სოფელ ნატანებში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო, რის გამოც 14 ოჯახი ცენტრს მოწყდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც. სოფელ შემოქმედიდან კი სამი ოჯახის ევაკუაცია მოხდა. სტიქიამ პრობლემები შეუქმნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტსაც. სოფელ ნიგოეთში ადიდებულმა წყალმა ხიდი წაიღო, მოსახლეობას ტექნიკა, ავეჯი და მიწის ნაკვეთები გაუნადგურდა. ასევე დაიტბორა აჭარის სოფლები.

კომენტარები