ტურიზმი

ბაკურიანსა და გუდაურში სათხილამურო ტრასებს ხელოვნურად გაათოვლიანებენ

Gudauri Travel

გუდაურის პირველი სათხილამურო ტრასა 2015 წლის ზამთრის სეზონს ხელოვნური თოვლით შეხვდება. კილომეტრისა და ასი მეტრის სიგრძის ტრასის გაყოლებაზე 29 ხელოვნური თოვლის მფრქვეველი აპარატი დამონტაჟდება. მძიმე ტექნიკამ გუდაურში სამუშაოები 15 სექტემბრიდან დაიწყო.

პროექტის განხორციელებისათვის გუდაურის გავნითარების სააგენტოსა და იტალიურ კომპანია DEMACLENKO-ს შორის 24 მილიონიანი ხელშეკრულებაა დადებული.

გუდაურთან ერთად ბაკურიანის გათოვლიანებაც მოხდება. პირველ ეტაპზე ორივე კურორტზე მხოლოდ ერთი ტრასა გათოვლიანდება, 2016 წლისთვის კი ორივე კურორტის ყველა ტრასა სეზონს ხელოვნური თოვლით შეხვდება.

ფერდობების გათოვლიანებისათვის აუცილებელია სათხილამურო ტრასების ზუსტი გეოლოგიური, გეოდეზიური და ტოპოგრაფიული სამუშაოების შესრულება, რათა წინასწარ მოხდეს ტრასის მოდელის შემუშავება და დადგინდეს თითოეული ხელოვნური თოვლის აპარატის სათანადო პოზიცია. თოვლის აპარატებისათვის სპეციალური წყალგაყვანილობაა საჭირო, ამიტომაც გუდაურსა და ბაკურიანში 2015 წელს იგეგმება ხელოვნური ტბებისა და მილსადენების გაყვანა, რომლებმაც თოვლის აპარატები წყლით უნდა მოამარაგონ.

გუდაურის განვითარების სააგენტოში ამბობენ, რომ თუკი ადრე ბუნებრივი პირობების გამო სათხილამურო სეზონი სამი თვეც არ გრძელდებოდა  ახლა კურორტები დამსვენებლებს დეკემბრის დასაწყისიდან აპრილის ბოლომდე უმასპინძლებენ, რაც მთლიანად ქართული ზამთრის ტურიზმის დამსვენებელთა რიცხვსა და კურორტის შემოსავლიანობის გაზრდას გამოიწვევს. მათი აზრით პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისთვის, სასტუმროებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის.

კომენტარები