აშშ-ში ებოლას ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ებოლას ვირუსით დაავადებულთა მკურნალი ექიმებისა და ექთნების მიერ გამოყენებული ფეხსაცმელი და ხელთათმანები გუკენდოუი მზეზე შრება
AFP

ამერიკულ საავადმყოფოში ებოლას ვირუსის დიაგნოზი პირველ ადამიანს დაუსვეს. პაციენტს, რომელიც დალასის საავადმყოფოში მკურნალობს, ვირუსის სიმპტომები ლიბერიიდან აშშ-ში ჩაფრენიდან 5 დღეში დაუფიქსირეს.

ლიბერია ებოლას ვირუსის ერთ-ერთი ცხელი კერაა. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაავადდა პაციენტი, არ ვრცელდება.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, მდგომარეობა საგანგაშო არ არის, რადგან ძალიან დაბალია იმის რისკი, რომ დაავადებულს ებოლას ვირუსი თვითმფრინავის სხვა მგზავრებისთვის გადაედო. ებოლა არ შეიძლება გავრცელდეს გრიპის მსგავსად მანამ, სანამ დაავადების სიმპტომები იჩენს თავს. ებოლას ვირუსი დაავადებულის ორგანიზმის ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად ვრცელდება.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აფრთხილებს აშშ-ის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ლიბერიაში, სიერა ლეონესა და გვინეაში გამგზავრებისგან. ცენტრი ასევე მუშაობს ამ ქვეყნების აეროპორტების წარმომადგენლებთან, რათა ჩატარდეს თვითმფრინავში ამსვლელი ყოველი მგზავრის სამედიცინო შემოწმება.

კომენტარები