ინდოქტრინაცია სკოლაში

საჯარო სკოლაში ბავშვების ინდოქტრინაცია მოუგვარებელ პრობლემად რჩება

სკოლებში ადგილი აქვს კოლექტიური ლოცვის პრაქტიკას, ხატების რელიგიური მიზნებით გამოფენასა და უმცირესობას მიკუთვნებული ბავშვების დისკრიმინაციას - ეს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის, ასევე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულმა კვლევებმა აჩვენა. 2005 წლის შემდეგ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლებში ქადაგება აიკრძალა, თუმცა, როგორც ჩანს, პრაქტიკა უცვლელია.

სასკოლო დროს, როცა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ბავშვებს მხოლოდ მეცნიერებაზე უნდა ესაუბრებოდნენ, საჯარო სივრცე არასრულწლოვნებზე რელიგიური ძალადობისთვის ხშირად გამოიყენება. ეს არა მხოლოდ უმცირესობას მიკუთვნებული ბავშვის გაუცხოებას იწვევს, არამედ იმ მართლმადიდებელი მშობლების ნებასაც ეწინააღმდეგება, რომელთაც სურთ, შვილის რელიგიურ აღზრდაზე არა მშობლიური ენის ან ფიზიკის მასწავლებელმა, არამედ თავად იზრუნონ.

ამ პირობებში უმცირესობის წარმომადგენლებს განსაკუთრებით საშიშად ეჩვენებათ რელიგიის სწავლების შემოღებასთან დაკავშირებული ინიციატივა. რელიგიის სახელმწიფო სააგენტო ოთხი თვის წინ საქართველოს მთავრობამ შექმნა. ცოტა ხნის წინ აღნიშნული სააგენტოს უფროსმა, ზაზა ვაშაყმაძემ, ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში რელიგია ცალკე საგნად უნდა ისწავლებოდეს.

კომენტარები