საპროტესტო აქცია პარლამენტთან

ქუთაისში პარლამენტის შენობასთან 4 ადამიანი შიმშილობს

რუსთავი 2

ქუთაისში პარლამენტის შენობასთან 4 ადამიანი შიმშილობს. მოშიმშილეები ფოთში მამუკა ლაშქარავას დაპატიმრებას აპროტესტებენ. მათი თქმით, ლაშქარავა უკანონოდ დააპატიმრეს, რა დროსაც სცემეს, იარაღი ჩაუდეს და იძულებით მიაღებინეს ნარკოტიკული საშუალება. აქციის მონაწილეები თვითმხილველთა დაკითხვას და საქმის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ.

“მთელი მილიცია დააფრინდა თავზე, მოკლეს ცემით, სკამი დაამსხვრიეს. მერე ვიღაცა დაახტა ზევიდან და წამალი უკნიდან გაუკეთა, ახლა მაინც ვერ გამოძვრები მამუკა ლაშქარავაო”, - აცხადებს აქციის მონაწილე ბაჩუკი ბებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარმა სამმართველომ გასული წლის სექტემბერში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა. ბრალდებული წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი მკვლელობის, ყაჩაღობისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით. მან ჯამში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 25 წელი მოიხადა.

შსს დაკავებისას სამართალდამცავების მხრიდან მამუკა ლაშქარავას მიმართ რაიმე სახის უკანონო ქმედებას უარყოფს.

კომენტარები