გამამართლებელი განაჩენი

სასამართლო: წულუკიანმა განაჩენების სტატისტიკაზე არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა

საქართველოს უზენაესი სასამართლო ეხმაურება იუსტიციის მინისტრის იმ განცხადებას, რომელიც თეა წულუკიანმა ვაშინგტონში ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში ტაბულას ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით  გააკეთა. კერძოდ, მინისტრმა განაცხადა, რომ სასამართლომ მას არ მიაწოდა ინფორმაცია განაჩენების სტატისტიკის შესახებ. აღნიშნულს უზენაესი სასამართლო უარყოფს.

"უზენაესი სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ სახელმწიფო სტრუქტურებისა თუ კერძო პირების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა კანონით დადგენილი წესის თანახმად. იუსტიციის მინისტრმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს 2014 წლის 24 მარტს მომართა წერილით და მოითხოვა სხვადასხვა სახის სტატისტიკური მონაცემების მიწოდება, რაზედაც სასამართლოდან მიიღო პასუხი და დანართი აღნიშნული სტატისტიკური მონაცემების მითითებით. სასამართლო ასევე დამატებით აცხადებს, რომ გასაჯაროებულია სტატისტიკური მონაცემები სასამართლოს საქმიანობის შესახებ და უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე ამ ინფორმაციის მოძიება  ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. უზენაესი სასამართლო იმედოვნებს, რომ მინისტრის მიერ გავრცელებული არაზუსტი ინფორმაცია არ ემსახურებოდა სასამართლოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას საერთაშორისო ასპარეზზე", - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს განცხადებაში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვაშინგტონში ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში (NDI) სიტყვით გამოვიდა. წულუკიანმა საქართველოში იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი, არჩილ გეგეშიძე და მკვლევარი ტომას დე ვაალი კარნეგის ცენტრიდან. ტომ დე ვაალის შეკითხვა შეეხო გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკას. წულუკიანის თქმით, წინა მთავრობის პირობებში პროკურორის ოფისი ყველაფერს აკონტროლებდა, რაც გამამართლებელი განაჩენების სიმცირეს ხსნის. წულუკიანმა განაცხადა, რომ მან ადეიშვილის ფაილი აღმოაჩინა, რომლის მიხედვითაც მოსამართლე პროკურატურასთან ახდენდა განაჩენის შეთანხმებას. 

წულუკიანმა ტაბულას შეკითხვაზე, რომ მისი მთავრობის პირობებში გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა 2013 წელს 2012 წელთან შედარებით დაახლოებით სამჯერ შემცირდა და ეს გრძელდება 2014 წელსაც, განაცხადა, რომ მას ამ სტატისტიკაზე ხელი არ მიუწვდება, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უარს აცხადებს ამ სტატისტიკის იუსტიციის სამინისტროსთვის მიწოდებაზე. აღსანიშნავია, რომ 20142013 და 2012 წლების სტატისტიკა სასამართლოს ვებგვერდზეა განთავსებული და ყველასათვის ხელმისაწვდომია. 

კომენტარები