სამომხმარებლო ბაზარი

Coca-Cola ამერიკაში გაზიანი სასმელის კალორიულობას 20%-ით შეამცირებს

esmokeking.de

Coca-Cola, Pepsico და Dr Pepper გაზიანი სასმელების მწარმოებელ სხვა ამერიკულ კომპანიებთან ერთად მომავალი ათწლეულის მანძილზე საკუთარ პროდუქციაში კალორიულობას 20%-ით შეამცირებენ.

კომპანიებმა შეთანხმება ამერიკის გაზიანი სასმელების ასოციაციის სხდომაზე გააფორმეს და სამოქმედო გეგმა განიხილეს. გაზიანი სასმელების მწარმოებელთა ასოციაცია სხვა კომპანიებსაც აძლევს კალორიების შემცირების რეკომენდაციას.

სასმელებში კალორიების შემცირებას ამერიკის ჯანსაღი მომავლის ალიანსი 2006 წლიდან ითხოვდა. ორგანიზაცია თინეიჯერებში სიმსუქნის წინააღმდეგ ცნობადობის ამაღლებისთვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისთვის მუშაობს, ორგანიზაციის პარტნიორია კლინტონის ფონდი, რომელმაც მიღწეული შეთანხმება ამერიკაში სიმსუქნესთან ბრძოლის მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

გაზიანი სასმელების მწარმოებლები საკუთარ პროდუქციაში კალორიულობას ეტაპობრივად შეამცირებენ. კომპანიები ასევე შეთანხმდნენ, რომ მომავალში სასმელებს უფრო პატარა შეფუთვებში გაყიდიან.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, სიმსუქნე, როგორც დაავადება, თინეიჯერების დაახლოებით 27%-ს აქვს. 

კომენტარები