ქართული ოცნება

კორძაია: ხელისუფლების ყველაზე დიდი მიღწევა მედიის და გამოხატვის თავისუფლებაა

geonews.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამარ კორძაიას შეფასებით, "ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის ყველაზე დიდი მიღწევა არის მედიის და გამოხატვის თავისუფლება". როგორც მან აღნიშნა, "პრობლემებზე საუბარი საზოგადოებას სწორედ ამიტომ შეუძლია, რომ მედია დღეს თავისუფალია და აქცენტებს ახდენს პრობლემებზე". კორძაიას აზრით, დღეს საქართველოში მედია დგას იქ, სადაც უნდა იდგეს და ასრულებს "მოდარაჯე ნაგაზის" ფუნქციას.

"ის მუდმივად ფორმაში ამყოფებს ხელისუფლებას. რაც შეეხება პრობლემებს, ბუნებრივია, ორ წელიწადში ყველა პრობლემა ვერ აღმოიფხვრებოდა. ჩვენ კვლავ ვდგავართ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე, რასაც სოციალური პრობლემები და დასაქმების თემა ჰქვია. ის აწუხებს თითოეულ მოქალაქეს, და ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ განსაკუთრებული ძალისხმევა სწორედ აქეთ უნდა მიმართოს. მოსახლეობა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების წარმატებას არ ზომავს გამოხატვის თავისუფლებით. ისინი ამას გრძნობენ ყოველდღიურად, მაგრამ ამაზე არ აკეთებენ აქცენტს. მათთვის ხელშესახები ყოველთვის არის სოციალური პრობლემები და მათი ინდივიდუალური სამომხმარებლო კალათა, რის გაზრდაზეც, რა თქმა უნდა, დაუღალავად უნდა იშრომოს ხელისუფლებამ", - განაცხადა კორძაიამ.

ორი წლის წინ, 2012 წლის 1-ლ ოქტომბერს, საქართველოს ხელისუფლება კოალიცია ქართულმა ოცნებამ გადაიბარა.

 

კომენტარები