კრიმინალი

კრიმინოგენური ვითარება საქართველოში

ხელისუფლების ცვლილებიდან მალევე, 2012 წლის დეკემბერში საქართველოს ახლადარჩეულმა პარლამენტმა მასობრივი ამნისტია გამოაცხადა. შედეგად ციხეებიდან 12 000 ამდე პატიმარი გათავისუფლდა. ქვეყანაში კრიმინალის მოსალოდნელი ზრდის შესახებ საუბარი სწორედ ამ პერიოდში დაიწყო, თუმცა მაშინ პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას კრიმინალისადმი გაგებით მოკიდებისკენ მოუწოდა.

2013 წლის მარტის თვემდე შინაგან საქმეთა სამინისტრო, წარსული პრაქტიკის მსგავსად, კრიმინალის შესახებ დეტალურ მონაცემებს აქვეყნებდა. მარტის თვეშივე შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში დანაშაული 40%-ით იყო შემცირებული. ღარიბაშვილის ეს განცხადება წინააღმდეგობაში მოდიოდა მისივე უწყების მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკასთან, რომელიც კრიმინალის 32%-იან ზრდას აჩვენებდა. ამის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნება შეწყვიტა. შინაგან საქმეთა სამინისტროდან დანაშაულის შესახებ დეტალური ინფორმაცია არაერთმა ორგანიზაციამ - მათ შორის, ტაბულამ - გამოითხოვა, თუმცა უშედეგოდ: მედიისა და საზოგადოების ინტერესის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალურ სტატისტიკას ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე არ ასაჯაროვებდა. დეტალური სტატისტიკის გაცემა სამინისტრომ ზაფხულში განაახლა, თუმცა კითხვები გაჩნდა უკვე გამოქვეყნებული მონაცემების გარშემოც - მაგალითად, ივნისში ნეტგაზეთმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც სხვადასხვა სახეობის ის დანაშაულები იყო მოყვანილი, რომელიც სტატისტიკაში არ აისახა.

ამ ფონზე, 2013 წლიდან დღემდე უწყება ირწმუნება, რომ ქვეყანაში კრიმინალის რაოდენობა იკლებს, საქმეების გახსნის მაჩვენებელი კი იზრდება.

კომენტარები