საქართველოს საპატრიარქო

TI: საპატრიარქოს რადიო ივერია ლიცენზიის გარეშე მაუწყებლობს

საპატრიარქოს კუთვნილი რადიო ივერია ლიცენზიის გარეშე მაუწყებლობს. ამის შესახებ ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება. კომისიის ცნობით, რადიო ივერია, რომელიც თბილისსა და რამდენიმე სხვა ქალაქში მაუწყებლობს, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელთა რეესტრში არ ფიქსირდება. 

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტით, რადიოსიხშირული სპექტრით ულიცენზიოდ სარგებლობა იკრძალება და ისჯება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 144 (1) მუხლით 5000 ლარის ოდენობით. განმეორებით ჩადენისას - 10000 ლარით, მესამედ და მეტჯერ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში კი - 50000 ლარის ოდენობით. 

„ულიცენზიოდ მაუწყებლობის შემთხვევაში, კომპანიის მიმართ არ ვრცელდება ყველა ის ვალდებულება, რომელსაც ქართული კანონმდებლობა ითვალსწინებს, კერძოდ, მაუწყებელი არ იხდის კანონით დადგენილ სალიცენზიო მოსაკრებელს, არ ავსებს შესაბამისობის დეკლარაციას, არ აწვდის კომისიას ინფორმაციას შემდგომი გასაჯაროების მიზნით შემოსავლების შესახებ და სხვა,“- წერია საერთაშორისო გამჭვირავლობა - საქართველოს განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მარეგულირებელმა კომისიამ რამდენიმე წელია იცის, რომ საპატრიარქოს რადიო ულიცენზიოდ მაუწყებლობს, თუმცა, ის ამ დარღვევაზე არ რეაგირებს. მაშინ, როდესაც კომისიამ ულიცენზიოდ საქმიანობის გამო სხვადასხვა დროს არაერთ კომპანიას დააკისრა ფულადი სანქცია. მათ შორის: ოდიშს, ტელერადიოკომპანია თრიალეთის, შპს სატელიტსერვისს და სხვ.

რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობა ლიცენზიის საფუძველზეა შესაძლებელი, რომელსაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კონკურსის საფუძველზე შერჩეულ პირებს გადასცემს. ლიცენზიის მფლობელი შეიძლება იყოს საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ან მის თანამდებობის პირს, პოლიტიკურ პარტიას, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ პირს და ა.შ. კანონმდებლობით, რელიგიურ დაწესებულებებს სიხშირული სპექტრის გამოყენების საფუძველზე მაუწყებლობა არ ეკრძალებათ. საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას რადიო ივერიის გარდა, ტელეკომპანია ერთსულოვნებაც ეკუთვნის. ის სპეციალიზებული მაუწყებლობის კერძო ლიცენზიას ფლობს და მისი მაუწყებლობა თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ვრცელდება.

კომენტარები