ევროსაბჭოს რეზოლუცია საქართველოზე

სილევიჩი: ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოს ვერ დაეხმარება

ჩვენ საქართველო კი არ უნდა დავადანაშაულოთ, არამედ პირიქით, დავეხმაროთ რეკომენდაციებით - განაცხადა ევროსაბჭო საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს საკითხებზე მომხსენებელმა ბორის სილევიჩმა.

სილევიჩის თქმით ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოს ვერ დაეხმარება.

"არ ვარ კმაყოფილი. ეს არის ზოგადი შეფასება. დოკუმენტს დააკლდა პროგრესისა და მიღწევების აღნიშვნა. შეიძლება გარკვეული პრობლემები იყოს, მაგრამ ჩვენ საქართველო კი არ უნდა დავადანაშაულოთ, არამედ პირიქით, დავეხმაროთ რეკომენდაციებით. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის პოლარიზაცია. ეს უკვე ნორმალურ პოლიტიკურ კონიუნქტურას სცდება. თქვენ გჭირდებათ თანამშრომლობა. ჩვენი მიზანი და მისია უნდა იყოს ხელშეწყობა, რომ დაძლიოთ პოლარიზაცია. ერთად უნდა იმუშაოთ და არ იჩხუბოთ. ეს დაპირისპირება გადმოვიდა აქ. ნაწილმა წააგო, ნაწილმა მოიგო ეს კონკრეტული ბრძოლა. მე, როგორც მომხსენებელი ვამბობ, რომ ასეთი მოქმედება და ასეთი დოკუმენტი საქართველოს ვერ დაეხმარება" - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს სილევიჩმა. მისი კომენტარის თარგმანს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

კიდევ ერთმა მომხსენებელმა მაიკლ იენსენმა კი განაცხადა, რომ მთავრობას აქვს უფლება ყოფილ პრემიერმინისტრს ელაპარაკოს.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ რეზოლუციაში არ ჩაიწერა, რომ მთავრობას არ შეუძლია ელაპარაკოს ყოფილ პრემიერს. რა თქმა უნდა, მათ ამის უფლება აქვთ. ამავე დროს მწუხარებას გამოვთქვამ იმის გამო, რომ ცვლილება, რომელსაც მე მხარი არ დავუჭირე, გავიდა და შევიდა რეზოლუციაში – რომ პროგრესს ბევრი რამ ჩრდილავს საქართველოში. იმის გამო, რომ ეს ჩანაწერი არის რეზოლუციის ბოლოს, ნეგატიურ ასპექტში გადაჰყავს ზოგადი შეფასება, რადგან არ ვფიქრობ, რომ პროგრესი არაა. ბევრი მიმართულებით არის პროგრესი და ეს უნდა ყოფილიყო დასასრულში. სახელები და გვარები დარჩა, დარჩა შეშფოთება ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ შერჩევითი სამართლის გამო" - განაცხადა იენსენმა.

ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუცია კენჭისყრის შედეგით: 103 – მომხრე, 27 – წინააღმდეგი დაამტკიცა.დოკუმენტში მოხვდა ყოფილი თანამდებობის პირების პოლიტიკური დევნის, ბაჩო ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, ასევე, მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნის და მისი ქონების დაყადაღებაზე საკითხი. რეზოლუციაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხოლოდ ის შესწორება არ შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ჩარევას ეხებოდა.

კომენტარები