ევროსაბჭოს რეზოლუცია საქართველოზე

გაბაშვილი: რეზოლუცია არის ევროპაში ღარიბაშვილის და ივანიშვილის სრული ფიასკო

kvira.ge

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებას უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი გამოეხმაურა. გაბაშვილის თქმით, რეზოლუცია ყველა იმ შენიშვნით მიიღეს, რომელიც პოლიტიკურ დევნას ეხება. 

"პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პროგნოზი იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოიქცეოდა ევროპის საბჭო, არ გამართლდა. საბჭომ მიიღო რეზოლუცია, მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო დელეგაცია ცდილობდა ამ რეზოლუციის უკან გაწვევას. ის მიღებულია ყველა იმ შენიშვნით, რომელიც ეხება პოლიტიკურ დევნას. კერძოდ, გამოთქმულია შეშფოთება წინასწარი დაკავების ინსტიტუტის პოლიტიკური მოტივით გამოყენების გამო. აღნიშნულია, რომ უკვე ციხეშია ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერი. გამოთქმულია შეშფოთება ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახების ქონების დაყადაღების გამო, ასევე გამოთქმულია მოწოდებები მთავრობის მიმართ, რათა უსწრაფესად მოხდეს მოწმეთა სასამართლოში დაკითხვის ნორმების და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრულფასოვანი ამოქმედება. გარდა ამისა, ყოფილ თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიაზე არის მოწოდება, რომ მისი უსაშველოდ გაგრძელებული წინასწარი პატიმრობა განაჩენის გარეშე შეცვლილი იქნას არასაპატიმრო ღონისძიებით. ერთი სიტყვით, ყველა ის ცვლილება, რომელიც მნიშვნელოვანი იყო საქართველოში დემოკრატიული განვითარებისთვის, გავიდა და ჩვენი სამთავრობო დელეგაციის მიერ დაყენებული არცერთი ცვლილება არ გავიდა. მათი მცდელობა, რეზოლუცია დაბრუნებულიყო კომიტეტში, არ იქნა გათვალისწინებული. ეს არის ევროპაში ღარიბაშვილის და ივანიშვილის სრული ფიასკო", - აღნიშნა გოკა გაბაშვილმა. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია ოთხშაბათს, 1-ლ ოქტომბერს მიიღო. რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას სამართლებრივ დევნასა და ქონების დაყადაღებაზე, ასევე ხელისუფლების მაღალ შტოებს შორის დაპირისპირებაზე არის საუბარი.

კომენტარები