ევროსაბჭოს რეზოლუცია საქართველოზე

რეზოლუცია: არ შეიძლება უმცირესობებზე დისკრიმინაციული ქმედებების დაუსჯელობა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ დამტკიცებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ შეშფოთებას იწვევს უმცირესობების, განსაკუთრებით სექსუალური და რელიგიური უმცირესობების, მიმართ შეუწყნარებლობა და დისკრიმინაციული ქმედებები. ასამბლეა მიიჩნევს, რომ დამნაშავეები არ უნდა იყვნენ შეწყნარებული და უნდა დაისაჯონ.

"შეშფოთებას იწვევს უმცირესობების, განსაკუთრებით სექსუალური და რელიგიური უმცირესობების, მიმართ შეუწყნარებლობა და დისკრიმინაციული ქმედებები. საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებულია უმცირესობების წინააღმდეგ ჩადენილი სიძულვილის დანაშაულების ეფექტური გამოძიების ნაკლებობის გამო. ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა განმარტოს, რომ ასეთი საქციელი არ იქნება შეწყნარებული და ნებისმიერი დამნაშავე, რომელიც ჩაიდენს ძალადობრივ ან დისკრიმინაციულ ქმედებას, დაისჯება. არ შეიძლება, ასეთი ფაქტები დაუსჯელი დარჩეს, მიუხედავად იმისა, ვინ ჩაიდინა. ყველა დაინტერესებულმა მხარემ, განსაკუთრებით პოლიტიკურმა პარტიებმა და ინსტიტუტებმა, რომლებიც საზოგადოებაში მაღალი მორალური ნდობით სარგებლობენ, უნდა შეიკავონ თავი განხეთქილების ენისა და მოქმედებებისგან, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს უმცირესობების მიმართ შეუწყნარებლობა და ვითარების გაუარესება. საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ მაისში მიღებულ ახალ ადამიანის უფლებების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას", - წერია რეზოლუციაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაყოვნების გარეშე რეგიონულ და უმცირესობათა ქარტიას ხელი მოაწეროს და მოახდინოს მისი რატიფიცირება, რაც ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებაა.

საპარლამენტო ასამბლეა ასევე შეშფოთებას გამოთქვამს სამართალდამცველი ორგანოების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე სისტემატური უკანონო მიყურადების გამო, რაც არღვევს ქვეყნის ვალდებულებებს განსაზღვრულს ადამიანის უფლებების შესახებ ევროკონვენციით. ასამბლეა მიიჩნევს, რომ საჭიროა დაუყონებლივ კანონმდებლობის სრულყოფა, რათა დარეგულირდეს მონაცემთა შეგროვება და მიყურადება სამართალდამცველი ორგანოების მიერ.

კომენტარები