ევროსაბჭოს რეზოლუცია საქართველოზე

პრემიერი: ბოკერია წლების განმავლობაში ატყუებდა საერთაშორისო თანამეგობრობას

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია არის "სიცრუის მთავარი გამხმოვანებელი". ღარიბაშვილმა ევროსაბჭოს მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია შეაფასა და აღნიშნა, რომ ბოკერია ჭკუას ასწავლის საზოგადოებას და ეუბნება, "თითქოს რაღაც სასწაულ რეზოლუციას" მიაღწიეს. 

"დღეს გამოდიან სიცრუის მთავარი გამხმოვანებლები, იგივე ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი ბოკერიას განცხადებები.. ბოკერია არის ერთ-ერთი მთავარი პიროვნება, რომელიც წლების განმავლობაში ატყუებდა ჩვენს პარტნიორებს, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას. ის ყველაზე დიდ ამორალურ საქმეს ემსახურებოდა - რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს - ის მძიმე დანაშაულებები, პატიმრების გაუპატიურება, წამება ლენინის დროინდელი მეთოდებით, ამ ყველაფრის შეფუთვა, გასუფთავება და გაპრავება ევალებოდა ბოკერიას. დღეს გამოდიან ეს ადამიანები, ჭკუას ასწავლიან მოსახლეობას და აცხადებენ, ვითომ რაღაც სასწაულ რეზოლუციას მიაღწიეს. არაფრისთვის არ მიუღწევიათ", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ენმ ებრძვის სახელმწიფოს, მოსახლეობას და "აგრძელებს იმას, რასაც აკეთებდა წლების განმავლობაში". 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმითვე, ხალხმა ყველაფერი კარგად იცის და ორი წლის წინ, პირველ ოქტომბერს მოსახლეობამ განაჩენი გამოუტანა ნაციონალურ მოძრაობას.

"ისინი დღითი დღე ახდენენ საკუთარი თავის მარგინალიზებას, მოსახლეობაში თესავენ სიძულვილს, აგრესიას და ძალიან რთული იქნება მათი რეინტეგრირება საზოგადოებაში. მე მათ მოვუწოდებ, შეწყვიტონ საკუთარი სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლა. ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლური საქმიანობა, რითაც ისინი აზიანებენ სახელმწიფოს. ამით ჩვენ არაფერს არ გვაკლებენ, მაგრამ ისინი აზიანებენ სახელმწიფოს და მოსახლეობას ძაბავენ", - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს. დოკუმენტში მოხვდა ყოფილი თანამდებობის პირების პოლიტიკური დევნის, ბაჩო ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, ასევე, მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნის და მისი ქონების დაყადაღების საკითხი. რეზოლუციაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხოლოდ ის შესწორება არ შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ჩარევას ეხებოდა. ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი ბაჩო ახალაია წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობაზე შეშფოთებას გამოხატავს და მისი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, ევროსაბჭოს რეზოლუციაში ჩაწერილი რეკომენდაციების იგნორირება ქვეყნის მომავალზე უარყოფითად აისახება.

კომენტარები