ამერიკის შეერთებული შტატები

ვოლსკი: რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას არავითარი აზრი არ აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის შეფასებით, "რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას არავითარი აზრი არ აქვს". ცნობისთვის,  ოფიციალური მოსკოვი საქართველოში სირიის ოპოზიციის მებრძოლების საწვრთნელი ცენტრის შესაძლო გახსნის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის საზღვრებთან სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

"თავიდანვე ნათელი იყო, რომ არავითარი წვრთნები არ ტარდებოდა. და არავითარი ბაზა არ ექნება ჩვენს ტერიტორიაზე, არა მარტო იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვენი ინტერესი, რასაკვირველია, ეს არ არის არავის ინტერესი. ნებისმიერი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, რომ რაღაც რეაგირება გააკეთოს ასეთ თემებზე, მაგრამ აქტუალური არ არის ეს საკითხი", - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ცნობა საქართველოს ტერიტორიაზე სირიელი მეამბოხეების გაწვრთნის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩზე დაყრდნობით ამერიკულმა გამოცემა Foreign Policy-მ გაავრცელა. იქამდე, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ტაბულაც წერდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნული უარყვეს.

კომენტარები