თავდასხმა თავისუფალ ზონაზე

NGO-ები: პრემიერის განცხადება ხელს შეუშლის ინციდენტის მიუკერძოებელ გამოძიებას

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial
არასამთავრობო ორგანიზაციები პოზიციის ფიზიკური ძალადობის ფორმით გამოხატვას დაუშვებლად მიიჩნევენ და როგორც ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის, ისე თავისუფალი ზონის ოფისში შეჭრისა და ამ ფაქტზე პოლიციის რეაგირების სათანადო გამოძიებას მოითხოვენ. მათ ასევე გაუმართლებლად მიაჩნიათ თავისუფალი ზონის თვითლიკვიდაციის მოთხოვნა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ინსტიტუტი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„სამართლებრივი კუთხით, მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, ასოცირდება თუ არა თავისუფალი ზონა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან: საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციის ლიკვიდაციის შესაძლებლობას პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირების მოტივით. თავისუფალი ზონის მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებში ასევე გაჟღერდა ინფორმაცია ამ ორგანიზაციის სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მასზე რეაგირება უნდა მოახდინოს სამართალდამცავმა ორგანომ კანონით დადგენილი წესით და არა - სხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ ულტიმატუმის წაყენების გზით“, - წერია განცხადებაში. 
არასამთავრობოები საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, ეს შესაძლოა, "სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არასათანადო გამოძიების, ხოლო მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფების მიმართ აგრესიული ქმედებების წახალისებად" ჩაითვალოს. ცნობისთვის, პრემიერმა განაცხადა, რომ ზაზა დავითაიაზე თავდასხმა არის არნახული ძალადობა, ხოლო მედიამ მის მიმართ სოლიდარობა არ გამოხატა.

"ფიქრობთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება ცალსახად ხელს შეუშლის ამ ინციდენტის მიუკერძოებლად გამოძიებას. გაუგებარია, რატომ გახდა პრემიერის აღშფოთების საგანი მხოლოდ ის, რომ მედიასაშუალებებმა „არავითარი სოლიდარობა“ არ გამოიჩინეს მათი კოლეგა ზაზა დავითაიას მიმართ. ფაქტია, რომ ყველა მედიასაშუალებამ სათანადოდ გააშუქა ეს ინციდენტი და პრემიერის კრიტიკა გადამეტებულია. ვფიქრობთ, რომ მსგავსი ინტერესი პრემიერმა ასევე იმ დაკავებული პირების უფლებების დაცვის საკითხის მიმართაც უნდა გამოხატოს, რომლებიც პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობენ. ამის მიუხედავად, ძალადობის უპირობო დაგმობის, პოლიციის სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების გამოძიების აუცილებლობის ნაცვლად, მედიასთან საუბრისას პრემიერმინისტრი თავისუფალ ზონას „დესტრუქციულ ძალებს“ უწოდებს და მათ ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირზე საუბრობს. იმ შემთხვევაში, თუკი პრემიერმინისტრს (ან სხვა ნებისმიერ პირს) დანაშაულის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია გააჩნია, ის საქართველოს კანონმდებლობით ვალდებულია ასეთი ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდოს, ხოლო თუ მსგავსი კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს, მაშინ ასეთი მწვავე განცხადებები მთავრობის მეთაურის მხრიდან, სასურველია, რომ არ გაკეთდეს. მითითებული შინაარსის განცხადებები არათუ ვერ განმუხტავს ახალგაზრდების ჯგუფებს შორის არსებულ სახიფათო დაპირისპირებას, არამედ შესაძლოა ისედაც დაძაბული სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს", - ნათქვამია განცხადებაში. 
 
ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ თავისუფალი ზონის დაკავებული წევრის, დავით გოგოხიას პოლიციელის მიერ სავარაუდო ცემის ფაქტზე. საია-ს ადვოკატისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში გოგოხია აღნიშნავს: „[დაკავების შემდეგ] მანქანაში პოლიციის თანამშრომელმა ორჯერ ნეკნში ჩამარტყა მუშტი... დარტყმა იყო ძლიერი; დარტყმის შედეგად შემეკრა სუნთქვა“. ის ასევე აცხადებს, რომ პოლიციის შენობაში მიყვანის შემდეგ მასთან მივიდნენ ადვოკატები გიორგი ონიანი და რომეო საჯაია, რომელთა წასვლის შემდეგ მისი ცემა გაგრძელდა. 
„ცემის მოტივად გოგოხია მიუთითებს მის მიერ ადვოკატად გიორგი ონიანის აყვანას. ის ასევე ამბობს, რომ მისი დაშინების მიზნით ერთ-ერთმა პოლიციელმა დაიძახა „გახადეთ, ამას გაუპატიურებას ვანახებო“. ამავე ახსნა-განმარტებაში გოგოხია აღწერს, რომ ხელბორკილდადებული სცემეს პოლიციელებმა, ურტყამდნენ ნეკნებში, სახეში, ყურში, სახით დაახეთქეს მაგიდაზე და ა.შ. ვიზუალური დათვალიერებით, გოგოხიას სახესა და სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. აღსანიშნავია, ასევე, რომ მის ადვოკატს არ მიეცა შესაძლებლობა, იზოლატორში შეეყვანა ექსპერტი სამედიცინო შემოწმების მიზნით“, - წერია განცხადებაში.
 
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ პროკურატურას, დროულად და ობიექტურად გამოიძიოს დავით გოგოხიას ახსნა-განმარტებაში მითითებული გარემოებები; აგრეთვე, ზაზა დავითაიას ცემისა და თავისუფალი ზონის ოფისზე თავდასხმის ფაქტები; ასევე, მთავრობას - სათანადოდ გააანალიზოს სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებათა სისწორე, ობიექტურობა და ეფექტურობა. 
 
"ასევე, კანონის ფარგლებში მიიღოს დროული ზომები ძალადობის და დაპირისპირების შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად; მოვუწოდებთ თავისუფალი თაობისა და თავისუფალი ზონის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისაგან, პატივი სცენ საზოგადოებრივ წესრიგსა და კანონს; ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს - უპირობოდ დაგმონ ფიზიკური ანგარიშსწორება, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და არ დაუშვან დაპირისპირებისა და ძალადობის ესკალაცია", - ნათქვამია განცხადებაში. 
 
30 სექტემბერს, თავისუფალი ზონის წევრი ფარნაოზ ჭკადუა ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალად გაზეთ ასავალ-დასავალის ჟურნალისტის, ზაზა დავითაიას ცემა ედება. ჭკადუასთან ერთად თავისუფალი ზონის კიდევ ერთი აქტივისტი, დავით გოგოხია დააკავეს, რომელსაც ბრალად პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება ედება. დაპირისპირება 30 სექტემბერს, შარტავას ქუჩაზე მოხდა. ზაზა დავითაია ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ინციდენტიდან 2 საათში დაპირისპირება მოხდა თავისუფალი ზონის ოფისში, სადაც თავისუფალი თაობის აქტივისტები მივიდნენ. ფიზიკური დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის - თავისუფალი ზონის ხელმძღვანელი კობა ხაბაზი. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, მათ სამართალდამცავები თავდასხმის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს, თუმცა თავისუფალი თაობის წევრებმა მათ ოფისში შეღწევა მაინც შეძლეს.

კომენტარები