საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტმა გერმანიას გაერთიანების დღე მიულოცა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქვეყნის გაერთიანებისა და ბერლინის კედლის დაცემის 25 წლის იუბილე მიულოცა.

„დღეს ჩვენ ვზეიმობთ გერმანიის გაერთიანების 24 წლისთავს და ბერლინის კედლის დემონტაჟის 25 წლის იუბილეს. ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომელშიც ჯერ კიდევ აღმართულია ხელოვნური ბარიერები და კედლები, მაგრამ დღევანდელი ზეიმი გვაძლევს იმედს, რომ ევროპაში აღარ იქნება კედლები და ის ბარიერები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშია აღმართული, მალე დაინგრევა", - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ევროპის ისტორიაში ეს უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან სწორედ ბერლინის კედლის დემონტაჟით და გერმანიის გაერთინებით დაიწყო მშვიდობის, კეთილდღეობის, სტაბილურობის გაღრმავება.

„ამ პროცესს მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა მათ შორის ჩვენს სახელმწიფოსა და მთელ რეგიონზე. არ შემიძლია საქართველოს სახელით გერმანიას კიდევ ერთხელ არ გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ ის იყო ერთ-ერთი პირველი იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც აღიარეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა; სწორედ გერმანია იყო ის ქვეყანა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გახსნა საქართველოში საელჩო და ჩვენს ქვეყნებს შორის ამ დღიდან დაიწყო მჭიდრო დიპლომატიური თანამშრომლობა. ხაზგასმით აღვნიშნავ ბოლო ორ სერიოზულ წარმატებას - ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და ნატო-ში ჩვენი ინტეგრაციის გაღრმავების პროცესს - რომლის მიღწევაშიც ჩვენს გერმანელ პარტნიორებს მნიშვნელოვანი წვლილი მოუძღვის. ჩვენ ყოველთვის მივისწრაფოდით ევროპული ოჯახისკენ და ამ მისწრაფებას ვერაფერი აღუდგება წინ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საქართველოში მცხოვრები გერმანელები.

კომენტარები