კრიმინალი

ომბუდსმენმა ქუთაისში მოკლული ახალგაზრდის საქმის შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, "გუშინ, 3 ოქტომბერს, ქუთაისში, პოლიციასა და მირზა გოჩუაძეს შორის მომხდარ შემთხვევაზე, რასაც გოჩუაძის გარდაცვალება მოჰყვა, ომბუდსმენმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქმის შესწავლა დაიწყო". სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ორგანოებმა უზრუნველყონ შემთხვევის სწრაფი ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება.

"საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ჩართული იქნება გამოძიების მონიტორინგის პროცესში. ამასთან, ამ საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა უახლოეს დღეებში საზოგადოებას მიაწოდებს სრულ ინფორმაციას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით" - აცხადებს სახალხო დამცველი და აღნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის აუცილებლობას.

"ეს კი, თავის მხრივ უზრუნველყოფს მიუკერძოებელი საგამოძიებო მექანიზმის არსებობას ქვეყანაში" - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. 

ცნობისთვის, გუშინ, ქუთაისში დევნის ოპერაციის დროს, პოლიციელმა მოქალაქე დაჭრა. ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე საათში გარდაიცვალა. შსს-ს განცხადებით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ქალაქ ქუთაისში ქურდობის ფაქტზე მხილებულ მირზა ბ-ს მისდევდნენ.

"აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას, მათ წინააღმდეგობა გაუწია და საკუთარი ავტომობილით სცადა პოლიციელებს დაჯახებოდა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა მირზა ბ-ს მანქანის მიმართულებით გასროლა მოახდინა, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა. მირზა ბ. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. პოლიციელს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ქუთაისში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებული პოლიციელი უკვე დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს იარაღის გამოყენებით. დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები