იომ-ქიფური

დღეს ებრაელები უმთავრეს დღესასწაულს, იომ-ქიფურს აღნიშნავენ

http://www.timesofisrael.com/

გუშინ დაიწყო და დღეს, 4 ოქტომბერს სრულდება ებრაელთა უმთავრესი დღესასწაული იომ-ქიფური, რომელიც იუდაიზმში გამოსყიდვის, სამსჯავროს დღედ არის ცნობილი. იომ-ქიფურის, როგორც ებრაელთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდა დღესასწაულის დროს, ებრაელთათვის უმკაცრესი მარხვაა სავალდებულო. 

თალმუდის თანახმად, ამ დღეს ღმერთს გამოაქვს ვერდიქტი მთელი წლის განმავლობაში ადამიანის ნამოქმედარის შესახებ. დღესასწაული ებრაული თიშრის თვის მეათე დღეს აღინიშნება და მონანიების ათი დღის დასასრულია. 

ქაფაროთის (გამოსყიდვის) რიტუალის შესასრულებლად, იომ ქიფურის დაწყებამდე ქათმის რიტაულური მსხვერპლშეწირვა ხდება. ქალებმა დედალი უნდა შესწირონ, კაცებმა კი მამალი. 

ღვთისმსახურება სინაგოგებში მზის ჩასვლამდე ნახევარი საათით ადრე იწყება. ღრმადმორწმუნე ებრაელები კი არჩევენ მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ სინაგოგებში, იმისთვის რომ სინანული გამოხატონ ჩადენილი ცოდვების გამო და ღვთისგან მიტევება ითხოვონ. 

ისრაელში იომ-ქიფურის დღეს ქუჩები ცარიელდება. საჯაროდ, თუნდაც რელიგიისგან შორს მდგარი მოქალაქის მიერ მარხვის კანონის გატეხვა მიუღებლად ითვლება. აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა და საკვების მიღება, განსაკუთრებით სახალხოდ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მცხოვრები ებრაელებისთვის მთავრობის არც ერთ წარმომადგენელს, მათ შორის არც პრეზიდენტს დღესასწაული ჯერ არ მიულოცავთ. თუმცა მათ დღეს გაავრცელეს მილოცვები ყურბან-ბაირამთან დაკავშირებით.

კომენტარები