მკვლელობა ქუთაისში

ბუჩუაძის საქმეზე პოლიციელს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი წარუდგინეს

პოლიციელს, რომელმაც 22 წლის მირზა ბუჩუაძეს ესროლა, ბრალი წარუდგინეს. მას ბრალი სსკ 108-ე მუხლითა(განზრახ მკვლელობა) და 333-ე მუხლის ბ ქვეპუნქტით(სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება იარაღის გამოყენებით) წაუყენეს, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ. გამოძიების პროცესს აკვირდება სახალხო დამცველის წარმომადგენელი. უწყების განმარტებით, ქუთაისში მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის შექმნის აუცილებლობა, რომელიც მსგავს შემთხვევებზე იმუშავებს.

ცნობისთვის, ქუთაისში დევნის ოპერაციის დროს, პოლიციელმა მოქალაქე დაჭრა. ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე საათში გარდაიცვალა. შსს-ს განცხადებით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ქალაქ ქუთაისში ქურდობის ფაქტზე მხილებულ მირზა ბ-ს მისდევდნენ. გარდაცვლილის ახლობლები ამ ვერსიას არ ეთანხმებიან. მათი განმარტებით, ბუჩუაძეს მართვის მოწმობა არ ჰქონდა, რის გამოც პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა. 

კომენტარები