მკვლელობა ქუთაისში

დაკავებული პოლიციელი განზრახ მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს

www.supremecourt.ge
22 წლის მირზა ბუჩუაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პოლიციელი განზრახ მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა თეიმურაზ ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ისინი აღკვეთის ღონისძიებად გირაოს მოითხოვენ.
 
"პოლიციელი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, აღკვეთის ღონისძიების სახით წარდგენილი იქნას გირავნობა", - განაცხადა ბუცხრიკიძემ. 
 

ქუთაისის საოლქო პროკურატურა 22 წლის მირზა ბუჩუაძის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელ ლაშა ჯიხვაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს. პოლიციელს ბრალი სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 333-ე (იარაღის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტება) მუხლებით წარედგინა.

ცნობისთვის, ქუთაისში დევნის ოპერაციის დროს, პოლიციელმა მოქალაქე დაჭრა. ახალგაზრდა მამაკაცი რამდენიმე საათში გარდაიცვალა. შსს-ს განცხადებით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ქალაქ ქუთაისში ქურდობის ფაქტზე მხილებულ მირზა ბ-ს მისდევდნენ. გარდაცვლილის ახლობლები ამ ვერსიას არ ეთანხმებიან. მათი განმარტებით, ბუჩუაძეს მართვის მოწმობა არ ჰქონდა, რის გამოც პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა. 

კომენტარები