საყდრისი-ყაჩაღიანი

ენმ: RMG Gold-ის საქმიანობა ივანიშვილის კლანის ინტერესთა სფეროში მოექცა

ხათუნა ხუციშვილი / ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, "კომპანია RMG Gold-ის საქმიანობა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის ინტერესთა სფეროში მოექცა". საპარლამენტო უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის თქმით, კანონდარღვევები ეხება საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროსთვის ისტორიული ძეგლის სტატუსის ჩამორთმევის პროცესს და კომპანია RMG Gold-ისთვის ლიცენზიის მინიჭების საკითხს.

"გასაგები ხდება, თუ ვის ინტერესებს ემსახურებოდა ის კანონდარღვევები, რომლითაც ფირმას ლიცენზია გაუგრძელდა და საყდრისი-ყაჩაღიანს ისტორიული ძეგლის სტატუსი ჩამოერთვა. 2013 წლის 6 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მირიანე ოდიშარიამ, თავის #03/108 ბრძანებით, გააუქმა 2006 წლის 30 მარტის #3/133 ბრძანების ნაწილი, რომელიც ეხებოდა საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროსთვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებას. 2013 წლის 10 ივლისს, შესაბამისი ცვლილება შევიდა პრეზიდენტის ბრძანებულებაშიც. სტატუსის ცვლილება მოხდა კომისიის დასკვნის საფუძველზე. კომისიის შემადგენლობის უმეტესობა, კერძოდ: ალექსანდრე თვლჭრელიძე, ომარ ქუცნაშვილი, დავით ლომიტაშვილი, გურამ ყიფიანი, გურამ გრიგოლია და ვახტანგ ლიჩელი პირდაპირ ან არაპირდაპირ იღებდა დაფინანსებას კომპანია RMG Gold-ისგან. ამის გათვალისწინებით, არ უნდა იყოს მოულოდნელი, რომ ჯგუფმა მხოლოდ ორი თვის მუშაობის თავზე ზუსტად ისეთი დასკვნა დადო, რაც თავიდანვე იყო განსაზღვრული, - სტატუსის მოხსნისა და გადატანის რეკომენდაციები", - აცხადებს თარგამაძე და აღნიშნავს, რომ კომპანია RMG Gold-სთვის 2012 წელს გაცემული ლიცენზია არ შეიცავდა სამუშაოების უფლებას საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბნის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. 

"სტატუსის გაუქმების შემდეგ შეიქმნა მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც ყოფილი ძეგლის ტერიტორიაზე მუშაობის ჩატარების უფლება არავის ჰქონდა. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით სრულიად უსასყიდლოდ გაუგრძელა შპს RMG Gold-ზე გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიის (სერია 53, №0010, ტიპი VI A B C) მოქმედების ვადა 2015 წლის 1 იანვრამდე. ამასთან, ლიცენზია გაუგრძელდა 2006 წლამდე პერიოდის პირობებით. ანუ, ლიცენზია ისევ მოიცავდა სამუშაოების უფლებას საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბნის იმ ტერიტორიაზე, რომელიც გამოცხადებული იყო ისტორიულ ძეგლად. ამ უკანონო გარიგებების შედეგად, სახელმწიფომ მილიონობით ზარალი ნახა, მას შემდეგ, რაც უფასოდ გასცა ლიცენზია ტერიტორიაზე, რომელიც ექსპერტ ალექსანდრე თვალჭრელიძის განცხადებით, 1 მილიარდ ლარ მოგებას მოუტანს მის მფლობელს. შედარებისთვის ვიტყვით, რომ მხოლოდ 2011წლის შემოდგომიდან 2012 წლის გაზაფხულამდე, კომპანიებმა დანარჩენ ზემოთაღნიშნულ ლიცენზიებში, საერთო ჯამში, 204 მილიონი ლარი გადაიხადეს. ლოგიკურია, გავიხსენოთ 90-იანი წლები, როდესაც კორუფციული გარიგებების შედეგად, თანხები ბიუჯეტის ნაცვლად სახელმწიფო ბიუროკრატიის, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების მიერ ჩამოყალიბებული ქვეყნის მართვის ოლიგარქიულ/კორუფციული სქემის წარმომადგენელ არაუფლებამოსილ პირების ჯიბეში მიდის", - აცხადებს ენმ.

კომენტარები