არასამთავრობო ორგანიზაცია - მოქალაქე

ივანიშვილი: მაქსიმალური ჩართულობა უნდა გამოვიჩინოთ სახელმწიფოს მართვაში

ბიძინა ივანიშვილი

"თუ ჩვენ გვინდა, ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნის წარმატებით, მაქსიმალური ჩართულობა და მონაწილეობა უნდა გამოვიჩინოთ სახელმწიფოს მართვაში", - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ორგანიზაციის ორი პროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ინტერპრესნიუსის ცნობით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს ორგანიზაცია მოქალაქის ორი პროექტის: სტუდენტები მმართველობისთვის და სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაესწრო. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ეს ორი პროექტი ეხება საზოგადოების ყველაზე საინტერესო ნაწილს, რათა ისინი გააქტიურდნენ. 

კითხვაზე, საკმარისად აქტიურია თუ არა დღეს ორგანიზაცია მოქალაქე, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს საზოგადოებამ და მედიამ უნდა შეაფასონ. 
რაც შეეხება აღნიშნული პროექტების ღირებულებას, როგორც მან თქვა, მილიონ ლარზე ნაკლები არცერთი პროექტი არ დაჯდება, თუმცა თანხა მოგვიანებით დაზუსტდება.

"ბიუჯეტი არ არის შეზღუდული, მაგრამ არც გადაჭარბება შეიძლება", - დასძინა ივანიშვილმა.

კომენტარები