გირაო

თენგიზ ერისთავს წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს

თენგიზ ერისთავს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალეს. მთავარი პროკურატურა ადასტურებს, რომ ერისთავმა სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.

თენგიზ ერისთავი ვაკეში მოკლული ლაშა მახარაძის მეგობარი იყო. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 18 სექტემბერს შეუფარდეს. ერისთავს ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა ედება.

ერისთავი დანაშაულს არ აღიარებს. როგორც მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ მის დაკავებას ცდილობდნენ და ამის შესახებ უბნის მაჟორიტარ შალვა შავგულიძესაც აცნობა. ერისთავის თქმით,  დაკავების დროს პოლიციელებმა მას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს.

"ჯერ კიდევ ლაშა მახარაძის პანაშვიდებზე ხდებოდა წარმოუდგენელი რამ, მისი მეგობრები ყოველდღე დავყავდით პოლიციის განყოფილებაში. გვქოდა ინფორმაცია, რომ უნდა მომხდარიყო ჩემი დაკავება და აღნიშნულთან დაკავშირებით მივმართე კიდეც ჩვენი უბნის მაჟორიტარ შალვა შავგულიძეს. თუმცა, ამის შემდეგ რამდენიმე დღის წინ დეიდაჩემთან ერთად მივდიოდი პრობაციის ეროვნულ ბიუროში, რათა გამოვცხადებულიყავი, როგორც პრობაციონერი. ჭავჭავაძის გამზირზე გაგვაჩერეს, გადმოვიდა ოთხამდე პოლიციელი, გადმოგვათრიეს მანქანიდან, ჩამიდეს ნარკოტიკები და დამაკავეს. სრულიად არალოგიკური და ნონსენსია, რომ მე ნარკოტიკები მქონოდა, რადგან ისედაც ვფლობდი ინფორმაციას, რომ უნდა მომხდარიყო ჩემი დაკავება. არ ვიცი, ალბათ ვიღაცის ინტერესებში შედის, რომ ჩემს მიმართ, ასეთი რამ მომხდარიყო", - აღნიშნა ერისთავმა სასამართლო პროცესზე. 

კომენტარები