ერისთავის საქმეზე პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტებაზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ თენგიზ ერისთავის ადვოკატების საჩივრის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. საუბარია პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით მიმდინარეობს.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ თენგიზ ერისთავს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000 ლარის ოდენობით გირაოთი შეუცვალა. აღნიშნულის შესახებ შუამდგომლობა სასამართლოში დაცვის მხარემ დააყენა, რასაც პროკურატურაც დაეთანხმა. ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ საგამოძიებო პროცესი დასკვნით ეტაპზეა, დაკითხულია მოწმეები, ჩატარებულია სასამართლო ქიმიური ექსპერტიზა და ბრალდებული ამ ეტაპზე ვეღარ იქონიებს გავლენას და ვერ შეუშლის ხელს გამოძიების ობიექტურად წარმართვას. ასევე, გათვალისწინებული იქნა, რომ ბრალდებულს ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. თენგიზ ერისთავი სამართალდამცავებმა 2014 წლის 16 სექტემბერს დააკავეს. პირადი ჩხრეკისას მას შვიდი მთლიანი აბი და 24 აბის ნატეხი ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. იგი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით იქნა მიცემული და მიმდინარე წლის 18 სექტემბერს აღკვეთი ღონისძიების სახით შეერჩა დაპატიმრება.
ასევე, გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ პროკურატურაში თენგიზ ერისთავის ადვოკატების საჩივრის საფუძველზე დაიწყო გამოძიება პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

კომენტარები