Garden Hall-ში კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს და TV არტარეას ერთობლივი პროექტის გადაცემა გენეტიკური კოდის პირველი ფილმის "პეტრე ოცხელის" პრეზენტაცია გაიმართა. ფილმი ცნობილი ქართველი მხატვრის პეტრე ოცხელის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
"პირველი ფილმი გავაკეთეთ პეტრე ოცხელზე. ძალიან საინტერესო იყო ამ პროექტზე მუშაობა. ეს არის უნიკალური ადამიანი, რომლის შესახებაც საქართველოში სამწუხაროდ ბევრმა არ იცის", - განმარტა ჟურნალისტმა და ფილმის ავტორმა ალეკო გაბუნიამ.
ტელეკომპანია არტარეას დირექტორის სოფო ხუნწარიას თქმით, არ არსებობს ერთად თავმოყრილი მასალა, რომელიც ასახავს იმ ადამიანების ცხოვრებას თუ მოღვაწეობას, რომლებმაც ყველაზე დიდი კვალი დატოვეს ქართულ კულტურაში. ამ ტიპის არქივის შექმნა ახლა პირველად იწყება.
IDS ბორჯომი საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ნიცა ჩოლოყაშვილის განმარტებით, პროექტის მიზანი იმ ადამიანების გაცოცხლებაა, რომლებსაც დიდი ღვაწლი მიუძღვით როგორც საქართველოს, ასევე საკუთარი პროფესიის მიმართ.
"ამ პროექტის მხარდაჭერით ბორჯომი ცდილობს გააცოცხლოს ისტორია, გააცოცხლოს ის ადამიანები, რომელთა ღვაწლი, ნიჭი და თავდადება როგორც სამშობლოსადმი, ისე საკუთარი პროფესიისადმი არის შეუფასებელი. ბორჯომი, როგორც ქართული ბრენდი და საქართველოს ისტორიის ნაწილი გვიყვება სწორედ ასეთი ლეგენდების შესახებ. დოკუმენტური მასალის შექმნით კი ეს ისტორიები მომავალ თაობებს გადაეცემათ", - აღნიშნა ნიცა ჩოლოყაშვილმა.
პროექტი გენეტიკური კოდი მიზნად ისახავს გამოჩენილი ადამიანების შესახებ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების გადაღებას, რომლებშიც მათი მოღვაწეობა იქნება ასახული. შემოქმედებითი ჯგუფი ამჟამად ჯორჯ ბალანჩინის, მიხეილ კალატოზოვის და ვახტანგ რურუას შესახებ ამზადებს ფილმებს. პეტრე ოცხელის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი არტარეას ეთერში ორ კვირაში გავა.