საქართველო-სომხეთის ურთიერთობა

საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გალუსტ საჰაკიანის ხელმძღვანელობით სომხეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველო-სომხეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობას.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ასამბლეის ხელმძღვანელმა გალუსტ საჰაკიანმა განაცხადა, რომ თანამშრომლობა მოგებიანი იქნება ორივე ქვეყნისთვის. მისივე თქმით, სომხეთმა აირჩია ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება, ხოლო საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და, შესაბამისად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, თუმცა, ეს ხელს არ შეუშლის ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას. საჰაკიანის განმარტებით, ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს ქვეყნებს, რადგან საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა გახდება ხიდი ორ სავაჭრო ზონას შორის.

კომენტარები