ნარკოტიკებით ინტერნეტვაჭრობა

"ბნელი ინტერნეტის" მაღალი ხარისხის ნარკოტიკები

washingtonpost.com/

აკრძალული პრეპარატებით ვაჭრობის ონლაინ ბუმი და ნარკოტიკები, რომელსაც ხალხი ყიდულობს - "ბნელ ინტერნეტში" ნარკოტიკებით ვაჭრობის თემას ეხება Washington Post-ზე გამოქვეყნებული, კრისტოფერ ინგრაჰამის სტატია. 

2013 წლის ოქტომბერში FBI-მ Silk Road-ი - ონლაინ შავი ბაზარი, სადაც მომხმარებელს აკრძალული მედიკამენტების, ნარკოტიკის, ყალბი დოკუმენტების, იარაღის და უამრავი სხვა პროდუქტის თუ მომსახურების ყიდვა შეეძლო, დახურა.

Silk Road-ი შავი ბაზრის ერთგვარი Amazon-ი იყო, სადაც მომხმარებელს ყველაფერი არალეგალურის შეძენა შეეძლო. FBI-ს იმედი ჰქონდა, რომ საიტის დახურვით ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობას ხელს შეუშლიდა. რეალურად კი საპირისპირო მოხდა.

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ე.წ. ბნელ ინტერნეტში უამრავი ახალი მარკეტი გაჩნდა - Silk Road-ის მსგავი არაერთი საიტი, სადაც მომხმარებელს ანალოგიური მომსახურების მიღება შეუძლია. მათ შორის ყველაზე დიდი Silk Road 2.0-ია.

Silk Road-ის დახურვამდე, ამ და მის მსგავს სამ საიტზე 18 000 ერთეული ნარკოტიკი იყიდებოდა. 2014 წლის აპრილში 10 „ბნელ ინტერნეტში“ 32 000 ერთეული ნარკოტიკული საშუალება იყიდებოდა. აგვისტოს ბოლოსთვის კი 18 საიტზე 47 000 ერთეული ნარკოტიკის პოვნა შეგეძლოთ.

პროგრამისტმა დერილ ლაუმ გადაწყვიტა Silk Road 2.0-ზე ნარკოტიკების ყიდვა-გაყიდვა შეესწავლა. მან ნარკოტიკების გამოყენების ნაციონალური ინსტიტუტის სტატისტიკიდან, ცხრა ყველაზე მოხმარებადი ნარკოტიკი - მარიხუანა, კეტამინი, მესკალინი, ამფეტამინები, MDMA(ექსტაზიც), LSD, კოკაინი, ჰეროინი, ოპიუმი ამოარჩია და მათი სტატისტიკა შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ Silk Road 2.0-ზე ყველაზე პოპულარული ნარკოტიკი არის MDMA. მასზე მოთხოვნა (მიწოდებაც) ორჯერ მეტია, ვიდრე მეორეადგილოსან მარიხუანაზე ან მესამეადგილოსან LSD-ზე.

რატომ არის MDMA ასეთი პოპულარული? Silk Road 2.0-ზე და „ბნელი საიტების“ უდიდეს ნაწილზე მომხმარებელს პროდუქციის შეფასება შეუძლია. იმის გამო, რომ კონკურენცია დიდია, გამყიდველი ცდილობს საუკეთესო ხარისხის პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს (მისი რეიტინგი მაღალი იყოს). MDMA, რომელიც წვეულებებისა და ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის „მეფე ნარკოტიკად“ ითვლება, სუფთა სახით ძნელად იშოვება. მისი „ბინძური ვერსია“ კი ხანდახან მომაკვდინებელია. ქუჩაში ნაყიდი MDMA-ს ხარისხის განსაზღვა ძალიან რთულია. როდესაც მომხმარებელი ხედავს, რომ “ბნელ ინტერნეტში“ ერთ-ერთი იუზერი MDMA-ს ყიდის და მისი საქონლის რეიტინგი (შეფასებები) 4.9/5-ია, ხვდება, რომ მას საქმე მაღალი ხარისხის პროდუქტთან აქვს.

“ბნელ ინტერნეტში“ ნაყიდი ნარკოტიკების მაღალ ხარისხზე საუბრობს FBI-ს აგენტი კრისტოფერ თარბელიც. მისი თქმით, გამოკვლევის მიზნით FBI-მ Silk Road-იდან 100-ზე მეტი შენაძენი გააკეთა. ლაბორატორიული ანალიზის მერე კი ცნობილი გახდა, რომ კარგად შეფასებული პროდუქცია ძალიან მაღალი ხარისხისაა.

დერილ ლაუმ Silk Road 2.0-ის შესწავლისას გამოითვალა, რომ მხოლოდ მის მიერ დაკვირვების ქვეშ მყოფ ცხრა ნარკოტიკულ საშუალებაზე დაწერილი რევიუები რომ ფასზე გავამრავლოთ, გამოვა, რომ 20 მილიონ დოლარზე მეტის საქონელი გაიყიდა. ეს რეალურად ზღვაში წვეთია. FBI-ს დასკვნით, Silk Road-ზე დახურვამდე (2,5 წელიწადში) 1.5 მილიარდი დოლარის სავაჭრო ოპერაციები განხორციელდა (თანხის ზუსტად დადგენა შეუძლებელია).

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეს Silk Road 2.0-ის გარდა არაერთი მსხვილი „ბნელი ინტერნეტსაიტი“ არსებობს და სულ უფრო პოპულარული ხდება ეზოთერული ნარკოტიკები (2C-ის ოჯახის წარმომადგენლები და NBOMe), რომლებიც ლაუს დაკვირვების არეალში არ მოხვდნენ, ნარკოტიკების შავ ბაზარზე 20 მილიონი დოლარი სასაცილო თანხა ხდება.

ერთი შეხედვით, „ბნელი ინტერნეტსაიტები“ უნდა დაიხუროს. თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც მის დასაცავად სერიოზული არგუმენტები აქვთ. ჟურნალისტ კონორ ფრიდესდორფის აზრით, „ბნელი ინტერნეტსაიტების“ დახურვით კრიმინალი გაიზრდება და სამყარო უფრო სახიფათო გახდება. მისი თქმით, მსგავსი საიტების არსებობა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სუფთა, მაღალი ხარისხის პროდუქტი იყიდოს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჯანმრთელობის დაზიანება და სიკვდილიანობა მცირდება. ასევე, თუ მომხმარებელი ნარკოტიკს ონლაინ ყიდულობს, ის ადგილობრივ ნარკომოვაჭრეს „ბიზნესს უფუჭებს“. ქუჩებიდან ნარკომოვაჭრეების გაქრობა კი კრიმინალსა და ძალადობას ამცირებს.

რჩება ერთადერთი მნიშვნელოვანი კითხვა. „ბნელ ინტერნეტში“ ნარკოტიკის იოლად ხელმისაწვდომობა გაზრდის თუ არა მის მოხმარებას, უფრო კონკრეტულად კი, სახიფათო ნარკოტიკების - ჰეროინისა და მეტამფეტამინების მიღებას.

ნებისმიერ შემთხვევაში, მსგავს საიტებთან ბრძოლის დაწყებამდე და დახურვამდე, შესაბამისი სტრუქტურები კარგად უნდა დაფიქრდნენ, ღირს თუ არა „ბნელ ინტერნეტთან“ ბრძოლა.

კომენტარები