უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ბაქაქურს და ძლიერიშვილს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად წარდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირა. კომიტეტმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს ზურაბ ძლიერიშვილსა და ნინო ბაქაქურს დღეს მოუსმინა. 

როგორც კომიტეტის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, პირადად მას აღნიშნული მოსამართლეების მიმართ კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმის, პიროვნული თვისებებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის თვალსაზრისით კითხვები არ აქვს და მათ კანდიდატურებს მხარს უჭერს. კენჭისყრის შემდეგ კი, ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს წარმატება უსურვა. ბესელია დარწმუნებულია, რომ მათ უმრავლესობის მხარდაჭერაც ექნებათ.

ნინო ბაქაქური და ზურაბ ძლიერიშვილი ის მოსამართლეები არიან, რომელთა კანდიდატურაც გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს პირველად მიმდინარე წლის ივლისში წარუდგინა. მაშინ, პარლამენტმა მათ მხარი არ დაუჭირა. ამის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტმა კვლავ იგივე კანდიდატურები წარუდგინა საკანონმდებლო ორგანოს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ორი მოსამართლის დროულად დანიშვნას ითხოვს, რადგან, მისი თქმით, საქმის გაჭიანურება სასამართლოს მუშაობას ხელს უშლის.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით  - არანაკლებ 76 ხმით, 10 წლის ვადით ირჩევს.

კომენტარები