ISIS

თურქეთში აქციები დაშალეს, რომლებზეც ISIS-ის კობანში გამაგრებას აპროტესტებდნენ

Aris Messinis / AFP

სტამბოლსა და თურქეთის ექვს ძირითადად ქურთებით დასახლებულ ქალაქში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. დემონსტრანტები თურქეთ-სირიის საზღვარზე ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა მიერ პოზიციების გამაგრებას აპროტესტებდნენ.

აქციების მონაწილეებმა ბარიკადები მოაწყვეს, ისროდნენ ქვებსა და ხელნაკეთ ასაფეთქებლებს, ცეცხლი წაუკიდეს ავტობუსს. შეტაკებების დროს ერთი პოლიციელი დაშავდა. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა, რომელთაც ზურგს ტანკები და არტილერია უმაგრებთ, სირია-თურქეთის საზღვრისპირა სირიულ ქალაქ კობანს შეუტიეს, რასაც შეტაკებები მოჰყვა ISIS-ის მებრძოლთა და ქალაქის დამცველ ქურთებს შორის.

სირია-თურქეთის საზღვრისპირა ქალაქის, კობანის მისადგომებთან ISIS-ის დროშაა აღმართული. რამდენიმე ასეულ მეტრში, საზღვრის ხაზთან, თურქეთის არმიაა მობილიზებული.

აღსანიშნავია, რომ ხუთშაბათს, 2 ოქტომბერს თურქეთის პარლამენტმა, 298 ხმით 98-ის წინააღმდეგ, სირიასა და ერაყში თურქეთის შესაძლო ინტერვენციას მხარი დაუჭირა.

კომენტარები