ზეწოლა მერიის თანამშრომლებზე

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა: მერიაში თანამშრომლებზე უკანონო ზეწოლა გრძელდება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ მერიის თანამშრომლებზე უკანონო ზეწოლა გრძელდება. ფრაქცია მიიჩნევს, რომ მერიის უწყებებში ზეწოლას თანამშრომლებზე აქვს სისტემური ხასიათი და ამაზე რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მოვალეობას წარმოადგენს. "თუმცა, ქართული ოცნების პროკურატურა ამ ფაქტებზე გამოძიების დაწყებასაც კი არ ჩქარობს". განცხადებაში წერია, რომ თანამშრომლებზე დანაშაულებრივი ზეწოლის პირობებში, ატესტაციის ჩატარება ამ პროცესის გაგრძელებას ნიშნავს და მის არაობიექტურობასა და მიკერძოებულობას მოასწავებს.

ფრაქცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

"ჩვენს მიერ არაერთხელ გაკეთდა განცხადება თბილისის მერიაში თანამშრომლებზე მიმდინარე უკანონო ზეწოლის ფაქტებზე, მათი სამსახურიდან კანონდარღვევით გათავისუფლების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ საეჭვოდ იზრდებოდა ,,პირადი სურვილით“ სამსახურიდან წასვლის შემთხვევები, ჩვენ მერიის ხელმძღვანელობისგან მუდმივად ვიღებდით პასუხად, რომ ზეწოლა, რომელიც თანამშრომლებზე ხორციელდება, ჩვენს მიერ მოგონილია და კანონდარღვევებს თბილისის მერიაში ადგილი არ აქვს.

რამდენიმე დღის უკან საზოგადოებამ იხილა, თუ რა ფორმით და რა ინტენსივობით ხორციელდება დანაშაულებრივი ზეწოლა მერიის თანამშრომლებზე დატოვონ სამსახური, როდესაც ისინის გამგებლის მოადგილემ, ბესიკ დონაძემ საჯარო გახადა მის მიმართ წარმოებული დანაშაულებრივი იძულების დამამტკიცებელი ჩანაწერები. სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პროკურატურას დაეწყო გამოძიება პირის იძულების ფაქტზე, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, ჩვენ ვიხილეთ მხოლოდ თბილისის მერიის განცხადება, რომლის თანახმად პირიქით, ბესიკ დონაძის მიმართ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურმა დაწყო რაღაც სავარაუდო სამსახურებრივ გადაცდომებზე შიდა მოკვლევა. რაც ცინიზმისა და უპასუხისმგებლობის აშკარა გამოვლენაა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს ფრაქციებმა საკრებულოს სხდომაზე მოვითხოვეთ, რომ დაწყებული ამ და სხვა ზეწოლის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება, ხოლო გამოძიების პერიოდში ისნის გამგებელს ვახტანგ ქიზიყურაშვლს და სხვა თანამდებობის პირებს, რომლების მიმართ არსებობს კონკრეტული პრეტენზიები, შეჩერებოდათ სამსახურებრივი უფლებამოსილება. აღნიშნს საკრებულოს ,,ქართული ოცნების“ უმრავლესობამ და სამწუხაროდ სხვა ოპოზიციურმა ფრაქციებმა მხარი დაუჭირეს და ფაქტიურად თბილისის მერს ნება დართეს ბოლომდე მიიყვანოს მათი გეგმა, სამსახურიდან უკანონოდ გაყაროს პროფესიონალი ადამიანები, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ადგილას საკუთარი მეგობრები, ნათესავები და პარტიული აქტივისტები დაასაქმონ.

ზემოაღნიშნულს ადასტურებს, კვალდაკვლავ ისნის გამგეობაში არსებული განუკითხაობა და ადამიანის შრომითი უფლებების უხეშად ფეხქვეშ გათელვის კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც სამწუხაროდ გამონაკლისი არ არის. 7 ოქტომბერს გამგებლის მოადგილის, გიორგი ჯიქიას ხელმოწერით, ამავე გამგეობის ნავთლუღის უბნის სამსახურის უფროსს, თეონა ჭალიძეს, ჩაბარდა სამსახურებრივი დავალება, რომლის თანახმად 8 ოქტომბრის 16 საათამდე მან უნდა მიაწოდოს გამგეობას კონკრეტული ინფორმაცია შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ მუშაობასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ შპს ,,თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული, მისი ქვემდებარე და მასთან ანგარიშვალდებული უწყებაა, რომელიც ქალაქის დასუფთავებას უზრუნველყოფს. ნათელია, რომ არანაირი აუცილებლობა გამგეობის თანამშრომლების სამუშაო დრო იხარჯებოდეს თბილისის მერიის სხვა ქვემდებარე ერთეულების მიერ განსახორციელებელ სამუშაოებზე არ არსებობს (თბილსერვის ჯგუფში დასაქმებულია რამდენიმე ათასი თანამშრომელი, რომელთა ერთადერთი მოვალეობა სწორედ ამ პრობლემატიკის გამოვლენა და გამოსწორებაა). ხაზგასასმელია სამუშაოს შესასრულებლად მიცემული დროის სიმცირეც. საინტერესოა, რითი დაასაბუთებს გამგებლის მოადგილე, ერთი არასრული სამუშაო დღის განმავლობაში ამ დავალების შესრულების აუცილებლობას. პასუხი ნათელია, როგორც ჩანს, მოსალოდნელი სისხლისამართლის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით, ეს ადამიანები ცდილობენ კანონიერი სახე მისცენ ადამიანების დევნას, მათ უკანონო დათხოვნას სამსახურებიდან. შესაბამისად, ფიქრობენ, რომ ასეთი და სხვა (მაგ: ერთ-ერთ გამგეობაში თანამშრომლებს დაავალეს აღეწერათ მაწანწალა ძაღლების რაოდენობა და გამოევლინათ თუ ვინ აჭმევდათ მათ) უშინაარსო, უშედეგო, თუმცა შესასრულებლად რთული (მოცულობის და დროის თვალსაზრისით) დავალების ვერ შესრულების გამო, ეს ადამიანები, ვინც უარს ამბობენ ,,პირადი განცხადებით“ წავიდნენ სამსახურიდან, დისციპლინური წესით გაათავისუფლონ.
ფაქტია, რომ როგორც ისნის გამგეობაში, ისე მერიის სხვა უწყებებში ასეთ ზეწოლას თანამშრომლებზე აქვს სისტემური ხასიათი და ამაზე რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მოვალეობას წარმოადგენს. თუმცა ,,ქართული ოცნების“ პროკურატურა ამ ფაქტებზე გამოძიების დაწყებასაც კი არ ჩქარობს.

ამავე კონტექსტში საინტერესოა, რომ თბილისის მერიაში საგრძნობლად იზრდება ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების რიცხოვნობა. მაგალითად, თბილისის მთავრობა 8 ოქტომბრის სხდომაზე აპირებს კრწანისის, სამგორისა და ჩუღურეთის რაიონის გამგეობებს ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა გაუზარდოს 12 ერთეულამდე, ხოლო დიდუბის რაიონის გამგეობას - 16 ერთეულამდე, ვაკის რაიონის გამგეობას – 18 ერთეულამდე, ნაძალადევის რაიონის გამგეობას - 21 ერთეულამდე. ერთმნიშვნელოვანია, რომ ამ რაოდენობით თანამშრომლების რიცხოვნობის ზრდა კავშირში არაა შესასრულებელი სამუშაოების მოცულობასთან (თბილისის მერია გასული თვეების განმავლობაში წარმატებით ართმევდა თავს მის მოვალეობებს ნაკლები რაოდენობის თანამშრომლებითაც). ხელშეკრულებით ხდება იმ ადამიანების აყვანა, რომლებიც გარანტირებულად დაიკავებენ მერიიდან გაყრილი თანამშრომლების ადგილს (ან ზოგ შემთხვევაში პირადი განცხადებით გათავისუფლებული ადამიანების აყვანა, თუმცა მათ ადგილას უკვე აყავთ მათთვის ,,სასურველი“ ადამიანები). ფაქტია, მათ აქვთ ზუსტი მიზანი რამდენ ადამიანს უნდა დაატოვებინონ თბილისის მერია იძულებით და ცდილობენ ამ მიზანს ნებისმიერი ხერხით მიაღწიონ.

თანამშრომლებზე ამ მასშტაბის დანაშაულებრივი ზეწოლის პირობებში, ატესტაციის ჩატარება, აშკარად ამ პროცესის გაგრძელებას ნიშნავს და მის არაობიექტურობასა და მიკერძოებულობას მოასწავებს.

აუცილებელია, ამ პირობებში უარი ითქვას ატესტაციის ჩატარებაზე, უფლებამოსილება შეუჩერდეთ იმ თანამდებობის პირებს (ვახტანგ ქიზიყურაშვილი და სხვა), ვის მიმართაც არსებობს პრეტენზია ზეწოლის განხორციელების შესახებ და ჩატარდეს ამ ფაქტების ობიექტური გამოძიება", - წერია განცხადებაში.

კომენტარები