არეულობა თურქეთში

ქურთები თურქეთის მთავრობისგან ისლამისტებისგან დაცვას ითხოვენ

თურქეთის ქალაქების ქუჩები არეულობამ მოიცვა. ქვეყნის რამდენიმე პროვინციაში ეთნიკურ ქურთებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. დემონსტრანტები პოლიციას ქვებს და მოლოტოვის კოქტეილებს უშენდნენ. თურქული მედიის ცნობით, 15 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით კი დაშავდა.

რამდენიმე პროვინციაში ხელისუფლებამ კომენდანტის საათი შემოიღო. პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლს და რეზინის ტყვიებს იყენებს. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ შეტაკებების მონაწილეთა მიმართ ტოლერანტობას არ გამოიჩენენ.

ქურთების საპროტესტო აქციების მიზეზი სირიის ქალაქ კობანეზე ისლამური სახელმწიფოს შეტევა გახდა, რომელის თურქეთის საზღვართან მდებარეობს. კობანეს მოსახლეობა ძირითადად ეთნიკური ქურთებია. ისლამისტებმა ქალაქის დიდი ნაწილი დაიკავეს. თურქეთში მცხოვრები ქურთები ანკარისგან კონფლიქტში ჩარევას და სირიელი ქურთების დაცვას მოითხოვენ. 

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისლამისტების წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია აუცილებელია, თუმცა, მასში თურქეთის მონაწილეობის შესაძლო ფორმა არ დაუკონკრეტებია.

"მხოლოდ ჰაერიდან დაბომბვით ტერორს ვერ შევაჩერებთ. ტერორიზმი დამარცხდება, თუ ვითანამშრომლებთ იმ ძალებთან, რომლებიც ხმელეთზე იბრძვიან. ვითარებას კობანეში და სხვა ადგილებში, სადაც ჩვენი ქურთი ძმები ცხოვრობენ, დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები თურქეთთან ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კოალიციაში მის შესაძლო მონაწილეობას განიხილავს, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა.

"ყველა ჩვენგანისთვის საშინელებაა ის, რასაც რეალურ დროში ქალაქ კობანეში ვუყურებთ. არავის სურს, რომ ქალაქი დაეცეს, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ისლამურ სახელმწოფოს უსაფრთხო თავშესაფარი არ მიეცეს. ჩვენ კობანეს რაიონში რამდენიმე საავიაციო დარტყმა განვახორციელეთ, მათ შორის, გასულ ღამეს. რა თქმა უნდა, თურქეთთან განვიხილავთ იმას, თუ რა როლი შესაძლოა შეასრულოს მან და როგორ შეიძლება იმოქმედოს კოალიციის საერთო ძალისხმევის ფარგლებში", - განაცხადა ჯენ პსაკიმ.

კომენტარები