არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქე

მოქალაქე: ია ანთაძე უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებს

ბიძინა ივანიშვილი
Reuters

ორგანიზაცია მოქალაქე ჟურნალისტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარის ია ანთაძის გუშინდელ განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს. ჟურნალისტმა მოქალაქის დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით გუშინ Facebook-ის საკუთარ კედელზე დაწერა: „ღმერთმა "ნაეკს" ბევრი მისცეს, მაგრამ სამოქალაქო ჩართულობის პროექტს ცენტრალიზებული სახელმწიფო სტრუქტურა როგორ განახორციელებს? და რომ განახორციელებს, შედეგი რა იქნება? სამოქალაქო საზოგადოება ამ გზით როგორ გაძლიერდება? მერე სწყინს ძვირფას ბატონ ბიძინას, რომ ვამბობ, დემოკრატიის შესახებ ცოდნის სტრუქტურა არ გააჩნია-მეთქი.“

ორგანიზაციის შეფასებით, ანთაძეს მოქალაქის მიერ წამოწყებული პროექტების არსი არ ესმის და მას კიდევ ერთხელ განმარტავს. მოქალაქის განცხადებით, სამოქალაქო განათლების ოლიმპიადასა და სტუდენტურ კონკურსს - სტუდენტები თვითმმართველობისთვის - უშუალოდ ეს ორგანიზაცია აფინანსებს.

ორგანიზაცია მოქალაქე საჭიროდ თვლის, პასუხი გასცეს ამ უპასუხისმგებლო განცხადებას. როგორც ჩანს, ქალბატონ ანთაძეს ბოლომდე არ ესმის ჩვენი ორგანიზაციის მიერ წამოწყებული პროექტების არსი. ამიტომაც, თავს ვალდებულად ვთვლით, განვმარტოთ: სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა და სტუდენტური კონკურსი - სტუდენტები თვითმმართველობისთვის - ორგანიზაცია მოქალაქის პროექტებია. მათ აფინანსებს და მენეჯმენტს უწევს უშუალოდ ეს ორგანიზაცია. ამავე დროს, ბუნებრივია, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელებისათვის საჭიროა ამ სფეროში გამოცდილი სტრუქტურების ჩაბმა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არის ერთადერთი სტრუქტურა საქართველოში, რომელსაც აქვს ანალოგიური პროექტების განხორციელების გამოცდილება. არსებული კანონმდებლობით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უფლება აქვს მიიღოს და შეასრულოს კერძო დაკვეთა. ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ ჩვენი პროექტების წარმატებით განსახორციელებლად მივმართეთ ცენტრს. კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ამ შემთხვევაში სამოქალაქო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობის იურიდიული ასპექტი სავსებით კანონიერი და გამჭვირვალეა. პროექტების განხორციელებისათვის არამცთუ არ იხარჯება სახელმწიფო სახსრების არც ერთი თეთრი, არამედ პირიქით, სახელმწიფო ამ პროექტით სერიოზულ შემოსავალსაც კი მიიღებს. რაც შეეხება სამოქალაქო ჩართულობის ხელშემწყობ პროექტში სახელმწიფო სტრუქტურის მონაწილეობის მორალურ ასპექტს, მტკიცედ გვწამს, რომ სამოქალაქო ჩართულობა ვერ განხორციელდება სრულფასოვნად, თუ ამ პროცესს ხელს არ შეუწყობენ სახელმწიფო სტრუქტურები“, - ნათქვამია მოქალაქის განცხადებაში.

მოქალაქემ პროექტების: სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა და სტუდენტები თვითმმართველობისათვის პრეზენტაცია 6 ოქტომბერს გამართა.

კომენტარები